ახალი ამბები

65% მხარს უჭერს “ნაციონალურ მოძრაობას”, 25% – “ქართულ ოცნებას”

28 იანვარი, 2012 • 1065
65% მხარს უჭერს “ნაციონალურ მოძრაობას”, 25% – “ქართულ ოცნებას”

მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 79%, ხოლო უარყოფითად – 18%. ასეთია Greenberg Quinlan Rosner Research-ის მიერ საქართველოში მიმდინარე წლის 11–16 იანვარს ჩატარებული კვლევის შედეგები.

კვლევის შედეგებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აქვეყნებს. კვლევის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს გზით გამოიკითხა 1200 ადამიანი, ასევე, გამოკითხვა ჩატარდა 6 ფოკუს–ჯგუფთან (48 მონაწილე) თბილისში, ქუთაისსა და თელავში.

კვლევის შედეგები ასეთია:

65% მხარს უჭერს “ნაციონალურ მოძრაობას”, ხოლო 25% – “ქართულ ოცნებას”. ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების რაოდენობა 33%–ს შეადგენს.

გამიკითხულთა 68%–ს სურს, რომ საქართველომ სააკაშვილის მიერ აღებული კურსით გააგრძელოს განვითარება.

სააკაშვილის, როგორც პრეზიდენტის, საქმიანობის შეფასება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ასეთია: 83% დადებითად აფასებს ურთიერთობას აშშ–თან, ევროკავშირთან და დასავლეთთან; 78% – საქართველოს ნატოსთან დაახლოებას, 62% – ეკონომიკის წინსვლას. გამოკითხულთა 33% აფასებს უარყოფითად სააკაშვილის მიერ საარჩევნო დაპირებების შესრულებას, 34% უკმაყოფილოა მისი საქმიანობით რეგიონებში ცხოვრების პირობების გასაუმჯობესელად.

გამოკითხულთა 63 პროცენტისთვის პუტინის რუსეთი წარმოადგენს რეალურ საფრთხეს საქართველოსთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი