მეორე კვირაა 92 წლის ისმაილ თავაძე მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. მასზე საკუთარი შვილი ძალადობდა. როცა შვილმა პენსიის ფული კიდევ ერთხელ მოსთხოვა, აღარ უჩხუბია, ადგა და წამოვიდა. ეს ერთი წლის წინ მოხდა. მაშინ თითქმის ყველა ორგანიზაცია მოიარა, რომელსაც მოხუცის დახმარება, წესით, უნდა შეძლებოდა, მაგრამ- უშედეგოდ. ის მხოლოდ თავშესაფარს ითხოვდა. ქუჩაში ერთწლიანი ხეტიალის შემდეგ უკან მიბრუნდა, მაგრამ საკუთარი სახლის კარიც გამოკეტილი დახვდა.
„მაშინ “მასკვიჩი” მყავდა, ახალგამოშვებული. იმ მანქანით მოვიყვანე ცოლი. ის ბათუმში ცხოვრობდა, პუშკინის 60 ნომერში და ჩემს სოფელში წავიყვანე. თებერვალი იყო, თოვდა, ბოლომდე ვერ ავედი. ერთი ბერძენი მეზობელი მყავდა, ის გამომეგება და შეატყობინა ოჯახს, ცოლი რომ მოვიყვანე…“ – ეს ამბავი ისმაილ თავაძემ მას შემდეგ გაიხსენა, როცა ცოლის გარდაცვალება ახსენა და თქვა, რომ სწორედ მას შემდეგ დარჩა მარტო. მოგვიყვა, რომ 1945 წლიდან მძღოლად მუშაობდა და საცხოვრებელი ბინა ჯავახიშვილის ქუჩაზე ოჯახიდან წამოსვლამდე საკუთარ შვილიშვილზე გადააფორმა – ნოტარიუსთან მივიდა და ჩუქების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
„ისმაილ ბაბუ ჩვენთან მარტში მოვიდა, თავშესაფარს ითხოვდა. გვითხრა, რომ შვილი ავიწროებდა, ეჩხუბებოდა და პენსიას იძულებით ართმევდა. ჰქონდა შიშიც, შვილმა შეიძლება მცემოსო. მაშინვე პოლიციას დავურეკეთ. შემაკავებელი ორდერი გამოსცეს. შემდეგ სასამართლომაც დაადასტურა მოხუცზე ფსიქოლოგიური ძალადობა,“ – გვიყვება რამინ გვარიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ იურისტი.
„წამოვედი, ამდენი ხმაურის ატანა აღარ შეიძლებოდა, ძილი აღარ მქონდა, მოხუცი ვარ, დასვენება მინდა. ყველაფერი არ ითქმება,“ – გვითხრა მოხუცმა წმინდა ეკატერინეს სახელობის ბათუმის სათნოების სახლში. მასთან ერთად ოთახში კიდევ 8 მოხუცი ცხოვრობს. მოხუცთან “ბათუმელებს” მისი შვილიც დახვდა, რომელმაც თქვა, რომ ნანობს თავის საქციელს, ალკოჰოლზე დამოკიდებულია, უნდა მამა სახლში დაბრუნდეს, მაგრამ ვერ ითანხმებს. „სად უნდა დავბრუნდე, ეს რომ დალევს, ყველაფერი ავიწყდება,“ – თქვა და მზერა შემოგვაჩერა მოხუცმა.
მისი აზრით, შვილმა, პირველ რიგში, საკუთარი ცოლ-შვილი უნდა დაიბრუნოს, ვინც მის წამოსვლამდე წავიდნენ ოჯახიდან.
„დემოკრატიის ინსტიტუტში“ მოგვიყვნენ, რამდენად რთული აღმოჩნდა ძალადობის მსხვერპლი მოხუცის თავშესაფარში მოხვედრა. დაურეკავთ მერიაში, სადაც უთქვამთ, რომ სათნოების სავანეში ადგილი არ არის. ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდის თავშესაფარი კი მხოლოდ ქალებისთვის ყოფილა გათვლილი. „მაგალითად, სოციალური მომსახურების სააგენტოში აგვიხსნეს, რომ თუკი მოხუცი მიეკუთვნება სოციალურად დაუცველთა კატეგორიას, მას თანადაფინანსებით დაეხმარებოდა სახელმწიფო, ანუ მოხუცის პენსია იქნებოდა საკმარისი. თუ სოციალურად დაუცველი არ არის, მაშინ თვეში 600 ლარი ჯდება ერთი მოხუცის შენახვაო“, – გვიყვება ნესტან კახაძე, პროექტის – „ხანდაზმულთა გაძლიერების და უფლებების დაცვის კამპანია აჭარაში“ მენეჯერი.
„ასეა დარეგულირებული მინისტრის ბრძანებით,“ – ადასტურებს სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსი სოციალური მუშაკი, ნინო ცეცხლაძე: „ამ პირობით ვგზავნით ჩვენ სხვადასხვა ქალაქის თავშესაფარში მოხუცს. ბათუმში, სათნოების სახლში არ ვუშვებთ, რადგან ის საპატრიარქოს საკუთრებაა და აფინანსებს მერია. არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც: თუკი სოციალური მუშაკი დაადგენს გადაუდებელ აუცილებლობას, მაშინ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მისი თავშესაფარში მოთავსება აუცილებელია და ყველა ხარჯს ფარავს სახელმწიფო. ასეთი სულ ორი მოხუცი გვყავდა წელს. ისინი ანასეულის თავშესაფარში გადავიყვანეთ.“
ისმაილ თავაძეს „დემოკრატიის ინსტიტუტში“ მისვლამდე ყველა ეს ინსტანცია გაუვლია. ყოფილა სოციალური მომსახურების სააგენტოშიც, სადაც უთხრეს, რომ სოციალურად დაუცველთა კატეგორიას არ ეკუთვნის და იქნებ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ დაეხმაროს. ამ ორგანიზაციამ კი, მერიის და სოციალური მომსახურების სააგენტოს პასუხების მოსმენის შემდეგ, მოხუცი დროებით ოზურგეთის მოხუცთა თავშესაფარში გაუშვა. იქ გაჩერების მაქსიმალური ვადა ერთი კვირაა.
„მერე ჩვენც დავეხმარეთ, რომ ქალაქში იაფად გვენახა ბინა და ქირით ცხოვრობდა. ამ დროს ხელახლა შეამოწმა სოციალურმა სააგენტომ და დაუცველის სტატუსი მიანიჭა, რადგან ნაქირავებში ცხოვრობდა. აქტიური მცდელობის შემდეგ მოხუცი ბათუმის სათნოების სავანემ მიიღო. გვითხრეს, რომ ადგილი გათავისუფლდა,“ – გვიყვება რამინ გვარიშვილი, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ იურისტი.
„ამჟამად 122 მოხუცი გვყავს და დაახლოებით 15 მოხუცი ელოდება სავანეში მოხვედრას,“ – გვითხრა წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანის დირექტორმა, იოანე ბარამიძემ. საპატრიარქოს ბალანსზე არსებულ სავანეს ბათუმში მერია წლიურად 803 ათასი ლარით აფინანსებს, საპატრიარქო – 276 ათასი ლარით. იოანე ბარამიძის ინფორმაციით, შესაძლოა, მალე ურეხში მდებარე ღამის თავშესაფარი გარემონტდეს და საპატრიარქოს გადმოეცეს: „ფაქტია, რომ ჩვენ გვაქვს კარგი გამოცდილება პანსიონატის მართვის კუთხით.“
„არსებობს პროექტი, რომლის მიხედვითაც ღამის თავშესაფარს უნდა დაემატოს პანსიონატის განყოფილება. ეს დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაჯდება. ველოდებით, როდის მოიძებნება ბიუჯეტიდან ან სხვა წყაროდან ამ პროექტის დაფინანსება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გოჩა ჯიბლაძემ, ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ. მისი თქმით, ჯერ არ განხილულა, გადაეცემა თუ არა მოხუცთა ახალი პანსიონატი საპატრიარქოს მართვისთვის.
ვიდრე ისმაილ თავაძე ბათუმის თავშესაფარში მოხვდებოდა, ის თბილისშიც ჩასულა. ქეთი დუმბაძეს „დემოკრატიის ინსტიტუტიდან“ მგზავრობაში სხვაგვარად დანახული მოხუცი ახსოვს: „დავინახე, რომ მოხუცი არ შეეგუებოდა არასდროს იმ უსამართლობას, რაც მის თავს ხდებოდა, გულგრილობას საზოგადოების თუ სახელმწიფოს მხრიდან, ის არ დანებდა, არ ჩერდებოდა“.
ქეთის ისმაილ ბაბუა კერძო თავშესაფარში მიუყვანია. მოხუცს იმავე საღამოს დაურეკავს, თუ ბათუმში ბრუნდები, მეც მოვდივარო. „თავშესაფარში რომ მივბრუნდი, მითხრა, თავშესაფრის დირექტორმა მაშინვე ნოტარიუსთან წამიყვანა პენსიის გადასაფორმებლადო. ხელმძღვანელი კი ირწმუნებოდა, მინდობილობისთვის წავიყვანე ნოტარიუსთან, რომ მისთვის პენსიის გამოტანა შემძლებოდაო. წამოვედით…“ – იხსენებს ქეთი დუმბაძე.
92 წლის ადამიანი უკვე მოხუცთა თავშესაფარშია. აქ მოხვედრას ელოდებიან სხვა მოხუცები. რიგში ვერ დგებიან მოხუცები, ვისაც ფსიქიკური დაავადება აწუხებთ. „ჩვენ შესაბამისი სერვისი არ გვაქვს. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში კი არ იტოვებენ, ვინც 60 წელს გადაცილებულია, ეს სერიოზული პრობლემაა,“ – თქვა სავანის დირექტორმა, იოანე ბარამიძემ.
„ჩვენ გვაქვს საავადმყოფო და არა თავშესაფარი,“ – გვითხრა ეკა ზოიძემ, ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორმა. მისი განმარტებით, საავადმყოფოში ამჟამადაც იმყოფებიან ხანდაზმული პაციენტები, მაგრამ ძირითადად ასაკში გამოვლენილი ფსიქიკური პრობლემა ამბულატორიულ მკურნალობას ექვემდებარება და ოჯახში მოვლას: „თუკი ადამიანი 65 წლამდე ფსიქიკურად დაავადებული არ იყო, ის ამ ასაკში დაავადებული ვერ გახდება. როგორც მენეჯერს, რატომ არ უნდა მაწყობდეს პაციენტის მიღება, თუკი ის ამას საჭიროებს, მაგრამ სახალხო დამცველიც ამას ამბობს თავის რეკომენდაციაში, რომ ფსიქიატრიულში დატოვება არ უნდა იყოს გამოსავალი.“
„სიბერე ჩვენთან არის არა ცხოვრების ნაწილი, არამედ ეს არის ცხოვრების სასჯელი. საქმე გვაქვს ასაკის გამო დისკრიმინაციასთან. სულ მეკითხებიან დასავლელი კოლეგები, თავად დაბერებას არ აპირებენ?“ – გვითხრა უჩა ვახანიამ, კოალიციის – „შინმოვლა საქართველოში“ დირექტორმა: „ხანდაზმულთა მოვლა, როგორც სისტემა, არ არსებობს. არის მხოლოდ ბიოსამედიცინო მოდელი, არ შეცვლილა საბჭოთა მიდგომა, ანუ მხოლოდ მკურნალობითი მიდგომაა, რაც ძვირია და არაეფექტური. ხანდაზმულებისთვის არის მხოლოდ პენსია, რომელიც არაფრად ვარგა და მეორეა პანსიონატები, რომლებზეც სახალხო დამცველმაც თქვა თავის ანგარიშში, რომ ის თავის მიზანს ვერ ასრულებს და მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს. ბათუმის მერიას აქვს შინმოვლის პროგრამაც, რომელსაც, მაგალითად, ახორციელებს სამშენებლო კომპანია. ჩვენ გვქონდა კვლევა ამ კუთხით, მათ შორის, ბათუმშიც, საგანგაშო შედეგები დაიდო. კვლევის შედეგები საკრებულოს წევრებსაც გავაცანით, შეშფოთება გამოხატეს, მაგრამ რეაგირება არ მომხდარა,“ – გვიყვება უჩა ვახანია.
სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში ვკითხულობთ: „ასაკოვანი ადამიანების უმრავლესობას არ მიუწვდება ხელი ადეკვატურ საცხოვრებელზე, სოციალურ სერვისებსა და დაცვის მექანიზმებზე, რის გამოც ისინი სიღარიბის, უსახლკარობისა და ძალადობის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. მათ მიმართ ხშირია ძალადობის ფაქტები. ამასთან, არ არსებობს ძალადობის იდენტიფიცირების, მსხვერპლთა დაცვის და პრევენციის ქმედითი მექანიზმები“. აქვე აღნიშნულია, რომ გარემო მოხუცთა პანსიონატებში „შეიძლება შეფასდეს ადამიანის ღირსების შემლახავად“ [ომბუდსმენის აპარატმა მონიტორინგი საქართველოს 7 თავშესაფარში ჩაატარა, მათ შორის არ ყოფილა ბათუმის მოხუცებულთა სავანე].
ომბუდსმენი მოხუცთა უფლებების კუთხით მხოლოდ ერთ სიახლეს აფიქსირებს – 2015 წლის ნოემბერში პარლამენტში მრავალსექტორულმა ჯგუფმა დაბერების საკითხთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო.
ჩვენი საუბრის ბოლოს კი, ისმაილ თავაძე აივნისკენ წავიდა და თქვა: „აქ გამოვდივარ ხშირად, ზღვას ვუყურებ, ჰაერი მაკლია…“