ახალი ამბები

ბარაქ ობამა მიხეილ სააკაშვილს დღეს შეხვდება

30 იანვარი, 2012 • • 1170
ბარაქ ობამა მიხეილ სააკაშვილს დღეს შეხვდება

ვაშინგტონში დღეს, 30 იანვარს, აშშ–ის დროით 3 საათზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიიღებს.

თეთრი სახლის ოფიციალურ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ წელს საქართველოსა და აშშ-ის შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 20 წელი სრულდება.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტი განიხილავს, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ურთიერთობის გაძლიერებას ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკის, მეცნიერების, განათლების, კულტურისა და უსაფრთხოების სფეროებში.

პრეზიდენტი ობამა ხაზს გაუსვამს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის, მათ შორის ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.

თეთრი სახლის ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ბარაქ ობამა კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. “პრეზიდენტი ასევე მოელის, განიხილოს მომავალი არჩევნები საქართველოში და რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს გარდაქმნას სტაბილურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ”, – იუწყება შეერთებული შტატების  ადმინისტრაცია.

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში 25 იანვარს გაემგზავრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი