ახალი ამბები

პრეზიდენტმა სომხეთში, ეგვიპტეში, შვედეთში, ფინეთსა და ინდოეთში საქართველოს ელჩები დანიშნა

21 ივნისი, 2016 • 1639
პრეზიდენტმა სომხეთში, ეგვიპტეში, შვედეთში, ფინეთსა და ინდოეთში საქართველოს ელჩები დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა 20 ივნისს გაცემული განკარგულებების მიხედვით, სომხეთში, ეგვიპტეში, შვედეთში, ფინეთსა და ინდოეთში ელჩები დანიშნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას გიორგი საგანელიძე 1 ივლისიდან შეუდგება.

ასევე, 2016 წლის 1 ივლისიდან დაიკავებენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობებს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ალექსანდრე ნალბანდოვი, შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში მალხაზ კაკაბაძე, ხოლო ინდოეთის რესპუბლიკაში არჩილ ძულიაშვილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახლად დანიშნულმა ელჩებმა საქართველოს პრეზიდენტს საკუთარი ხედვა გააცნეს მომავალი საქმიანობისა და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების განმტკიცებისა და თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.

სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი საგანელიძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშობა 1998 წელს დაიწყო.

2005-2008 და 2013-2015 წლებში მუშაობდა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტეში ალექსანდრე ნალბანდოვი 2008 წლის 12 დეკემბრიდან 2011 წლის 5 იანვრამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. 2011 წლის 2 მარტიდან  2014 წლის 1 მაისამდე იგი იკავებდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას სლოვაკეთისა და სლოვენიის რესპუბლიკებში, ხოლო 2014 წლის 1 მაისიდან 2016 წლის 7 აპრილამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში. ალექსანდრე ნალბანდოვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური რანგი 2014 წელს მიენიჭა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში მალხაზ კაკაბაძეს 1990-1998 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიცია ეკავა. 1998-2000 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში, ხოლო 2000-2004 წლებში იყო საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი. მალხაზ კაკაბაძეს  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი 1993 წელს მიენიჭა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდოეთის რესპუბლიკაში  არჩილ ძულიაშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 1995 წელს დაიწყო, სადაც მრავალი წლის მანძილზე წამყვან პოზიციებს იკავებდა. 2011 წლის იანვრიდან 2016 წლის იანვრამდე იყო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ხოლო 2016 წლის იანვრიდან არის საგანგებო დავალებათა ელჩი. არჩილ ძულიაშვილს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური რანგი 2015 წელს მიენიჭა.

მასალების გადაბეჭდვის წესი