ახალი ამბები

როგორ დააწერინეს როკ–კლუბის დირექტორს შსს–სთან თანამშრომლობის განცხადება

27 იანვარი, 2012 • 1039
როგორ დააწერინეს როკ–კლუბის დირექტორს შსს–სთან თანამშრომლობის განცხადება
როკ–კლუბის დირექტორი ეკატერინე ლემონჯავა საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართავს განცხადებით, დაიწყოს გამოძიება შსს–ს თანამშრომლების მიერ მასზე განხორციელებული ზეწოლის თაობაზე და დაისაჯონ დამნაშავე პირები.
ლემონჯავა ამბობს, რომ 25 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, რუსთაველის 28 ნომერში მდებარე როკ–კლუბიდან მისთვის უცნობმა ორმა მამაკაცმა, ძალის გამოყენებითა და მისი სურვილის საწინაამდეგოდ, ყოველგვარი ახსნა–განმარტებისა და საბუთის წარდგენის გარეშე, გადაიყვანა  იმავე მისამართზე (რუსთაველის 28 ნომერში) მდებარე შენობის მეოთხე სართულზე.
“შემდგომში ამ პირებისგანვე გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ ეს იყო შსს უშიშროების განყოფილება. შემამოწმეს მეტალოდედექტორზე და შემიყვანეს ოთახში, სადაც მათ შემოუერთდათ მესამე პირი. ისინი შეურაცხმყოფელი ფორმითა და ლექსიკით „განმიმარტავდნენ“, რომ ჩემი იქ აყვანის მიზეზი იყო როკ –კლუბიდან სისტემატურად გამომავალი ხმაური, რომელიც თითქოსდა მეზობლებსა და მათ აწუხებდათ”, – იხსენებს ლემონჯავა.
მისივე თქმით, ხმაურის გამო როკ–კლუბის მიმართ ადრეც გამოუთქვამთ პრეტენზიები მეზობლებს:
“ჩვენ ვართ იტალიურ ეზოში, ანუ არკაში, შიგნით და ხმაური აწუხებს მეზობლებს. როცა რაღაც ინციდენტი ხდება ხოლმე ეზოში და არა შიგნით კლუბში, მაშინ ყოფილა ხშირად პატრულის გამოძახებებიც, თუმცა უშიშროების თანამშრომლები მოვიდნენ პირველად”.
ლემონჯავას თქმით, 40 წუთის განმავლობაში სამივე მათგანი შეურაცხყოფდა მას უშვერი სიტყვებით, ფიზიკური ზეწოლის მუქარით („ჩამოგიღებ კბილებს“, „თავზე დაგამხობ როკ– კლუბს“ და ა.შ.)
“ჩათვალეს რა, რომ ფსიქოლოგიურად გავტყდი, შემდეგ გადავიდნენ ‘’გეგმის“ მეორე ნაწილზე, რაც გულისხმობდა შსს–ს უშიშროების სამსახურთან ნებაყოფლობით კონსპირაციულ თანამშრომლობაზე თანხმობას. ამის საპასუხოდ ვუთხარი, რომ თუკი მათი გაღიზიანების მიზეზი როკ –კლუბიდან გამომავალი ხმაური იყო, როკ–კლუბს დახვურავდი. ჩემი შეთავაზების პასუხად, როგორც გაირკა, მათი მიზანი არ იყო როკ– კლუბის ფუნქციონირების შეწყვეტა. მათივე განცხადებით, როკ– კლუბში დადიან მათთვის საინტერესო პერსონები და ჩემი თანამშრომლობა გაუადვილებდათ საქმეს”, – აცხადებს ლემონჯავა.
მისივე თქმით, უშიშროების თანამშრომლებმა მას განუცხადეს, რომ 3–4 დღის მანძილზე გამოამწყვდევდნენ აღნიშნულ შენობაში, თუკი მათთან თანამშრომლობის შესახებ “ხელშეკრულებას” არ გააფორმებდა.
“განცხადება, რომელიც დავწერე, იყო დაახლოებით ამ სახის: მე, ეკატერინე ლემონჯავა ომიანეს ასული, ნებაყოფლობით კონსპირაციულად ვითანამშრომლებ შსს–სთან. განცხადებაშივე ჩამაწერინეს მათ მიერვე შემოთავაზებული ზედმეტი სახელი „როკერა“, – ამბობს როკ–კლუბის დირექტორი.
ლემონჯავას თქმით,  ამის მერე, დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, გაათავისუფლეს და გააფრთხილეს, რომ ინფორმაცია უნდა ყოფილიყო კონფიდენციალური, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვლენების განვითარებაზე პასუხს არ აგებდნენ.
“იქიდან წამოვედი თუ არა, მაშინვე, დაახლოებით ერთ საათში, დავუკავშირდი შალვა რამიშვილს, ზაზა ფირალიშვილს და სოზარ სუბარს”,– აცხადებს როკ–კლუბის დირექტორი.
ლემონჯავას თქმით, როკ–კლუბში მყოფი ადამიანები შეესწრნენ 25 იანვარს კლუბიდან მისი გაყვანის ფაქტს, რის შემდეგაც მას ახლობლები ეძებდნენ, მათ
შორის იმ შენობაშიც, სადაც ჰყავდათ გამომწყვდეული:
“როგორც გაირკვა, ჩემს მოსაძებნად მოსულ ნაცნობებს დაცვამ დაუმალა ჩემი აღნიშნულ შენობაში ყოფნის თაობაზე”, – ამბობს ლემონჯავა.
როკ–კლუბის დირექტორი ამბობს, რომ უშიშროებამ მისი დევნა ჯერ კიდევ ორი თვის წინ დაიწყო:
“ზუსტად 27 ნოემბერს მივიღე ჩემი შეურაცხმყოფელი მესიჯი ჩემთვის უცნობი ნომრიდან, სადაც წერია: უშიშროება მაინც გითვალთვალებთ და მალე მოგი…. დედას.”
ლემონჯავა პროკურატურისგან მოითხოვს იმ პირების გამოვლენასა და დასჯას, რომლებიც მას დევნიან და ავიწროვებენ.
“დღემდე ვფიქრობ, ეგ რატომ მოხდა. შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს ჩემს “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანებას, ერთი კვრის წინ გავწევრიანდი “ქართულ ოცნებაში”, – ამბობს ლემონჯავა.
იგი აცხადებს, რომ დამნაშავე პირების ამოცნობა მას შეუძლია:
“უფრო მეტიც, ის მესამე პირი, რომელიც ყველაზე მეტად აქტიურობდა, გადავიღეთ ვიდეოზე და ფოტოც დაიდება მალე. შალვა რამიშვილთან ერთად მივედით იმავე შენობაში, სადაც წამიყვანეს და გადაცემაში “აკრედიტაციის გარეშე” გადავიღეთ ეს ადამიანი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი