ახალი ამბები

რა დაადგინა პროკურატურამ ზვიად ჯანყარაშვილის საქმის გამოძიების შემდეგ

21 ივნისი, 2016 • 2507
რა დაადგინა პროკურატურამ ზვიად ჯანყარაშვილის საქმის გამოძიების შემდეგ

თბილისის პროკურატურამ, ერთწლიანი ძიების შემდეგ, პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი აღმასრულებელი მდივნის, შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის ზვიად ჯანყარაშვილის წინაამდეგ, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე, საქმის წარმოება შეწყვიტა. საქმე ეხებოდა ჟურნალიტს ელისო კილაძის მიერ, გაზეთ “ქრონიკა +”-ში გამოქვეყნებულ რამდენიმე მასალასა და მის განცხადებებს, რომლებშიც ჟურნალისტი ჯანყარაშვილის სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე წერდა.

ზვიად ჯანყარაშვილმა 2015 წლის აპრილში პროკურატურას თავად მიმართა კილაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობის გამოძიების თხოვნით. გამოძიება მიმდინაროებდა “ქრონიკა +”-ის სტატიაზე, რომელიც თემურ უგულავასათვის დარიცხულ 150 მლნ ლარს შეეხებოდა. ასევე კილაძის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც უკრაინულ კომპანია “ალტკომთან” ჯანყარაშვილმა კორუფციული გარიგება დადო. ელისო კილაძე “ფრეშ-ნიუსის” სიუჟეტში ასევე ბრალს სდებდა ზვიად ჯანყარაშვილს ბერძენი ბიზნესმენის რეკეტსა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში. გამოძიებამ კილაძის განცხადების საფუძველზე დაკითხა ბესიკ ხარძიანის ადვოკატიც, რადგან კილაძის თქმით, ზვიად ჯანყარაშვილი თანამდებობაზე ყოფნის დროს ხელს უშლიდა ხარძიანისთვის ქონების დაბრუნების პროცესს.

ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, გამოძიებამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ბრალდებაზე მოწმეების, მათ შორის ელისო კილაძის დაკითხვისა და მტკიცებულებების ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ კილაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. გაბუნიას განცხადებით, კილაძის უკან ორგანიზებული ჯგუფი დგას, რომლის მიზანი პროპაგანდის გავრცელებაა. ის არ გამორიცხავს, რომ ჯგუფი შესაძლოა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ინტერესებს ატარებდეს, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის.

“ყველა საჯარო ბრალდებაზე, რომელიც გაკეთდა ზვიად ჯანყარაშვილისა და მისი მეგობრების წინააღმდეგ, გამოძიება დაიწყო და დადგინდა, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე. ასევე, გამოიკვეთა, რომ ეს არის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ფინანსდება კონკრეტული პირების მიერ. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიმართულია ხელისუფლების დისკრედიტაციისაკენ.

ჩვენი ვარაუდით ეს არის გამოკვეთილი ოპოზიციური ძალა, ნაციონალური მოძრაობა. იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, დამატებით მტკიცებულებებსაც წარმოვადგენთ,” – აცხადებს გაბუნია.

ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია. 21.06.16. ფოტო: ნეტგაზეთი

ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია. 21.06.16. ფოტო: ნეტგაზეთი

მისი განცხადებით, პროკურატურამ რამდენჯერმე შესთავაზა კილაძეს, რომ ჩაერთო საქმეში დამატებით მოწმეები და დაესახელებინა ინფორმაციის წყაროები, თუმცა ამაზე უარი განაცხადა.

ელისო კილაძის განცხადებით, მას აქვს უფლება, დაიცვას წყაროების ანონიმურობა. კილაძის მტკიცებით, წყარო, რომელიც მას ინფორმაციას აწვდიდა, არის ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვიდან და არ აქვს კავშირი პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან, როგორც ამას გაბუნია აცხადებს.

“მათ შორის დოკუმენტურ მასალას ტენდერებთან დაკავშირებით, სწორედ ივანიშვილის ახლო გარემოცვიდან მაწვდიდნენ. მე ვარ კეთილსინდისიერი ადამიანი და მის ვინაობას არ დავასახელებ,” – აცხადებს კილაძე.

კილაძის ინფორმაციით, საქმის გამოძიება წინასაარჩევნოდ განზრახ დასრულდა, რადგან ე.წ. კახელების კლანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ახალი გარიგება შედგა:

“მე მაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ მოხდა გარიგება ივანიშვილსა და “კახელების კლანს” შორის, რომელიც არ ითვალისწინებს ჯანყარაშვილის რეაბილიტაციას და მის თანამდებობაზე დაბრუნებას. “კახელების კლანი” აშანტაჟებდა ივანიშვილს მის დეიდაშვილზე, უჩა მამაცაშვილზე ინფორმაციის გამოქვეყნებით. ეს ეხება მის კორუფციულ გარიგებებს, ამიტომ ასე გარიგდნენ. წინასაარჩევნოდ იქნებიან მორატორულ რეჟიმში,” – აცხადებს კილაძე. მისი თქმით, არჩევნებამდე არც მასალები გამოქვეყნდება და სისხლის სამართლის დევნა ჯანყარაშვილის წინააღმდეგ არ დაიწყება.

ზვიად ჯანყარაშვილმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ერთი წლის წინ შეიტანა სარჩელი ელიკოს კილაძისა და “ქრონიკა +”-ის წინააღმდეგ ცილისწამებისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის გავრცელების მოტივით. ის მოითხოვს გავრცელებული ცნობების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას. საქმეზე სასამართლო სხდომა ამ დრომდე არ ჩანიშნულა.

“საქმე გაჭიანურდა იმიტომ, რომ სასამართლოში დარჩენილი არის 2 მოსამართლე და საქმეები ნაწილდება. როგორც ვიცი, მხოლოდ ამას უკავშირდება საქმის გაჭიანურება,” – ამბობს ელისო კილაძე.

ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, უახლოეს დღეებში ზვიად ჯანყარაშვილი გეგმავს სარჩელით მიმართოს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ელისო კილაძის წინააღმდეგ და მოითხოვოს მისთვის ჟურნალისტური საქმიანობის უფლების შეჩერება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ქარტიის კომპეტენციას სცილდება.

“ამ ქვეყანაში კიდევ მოქმედებს კანონი გამოხატვის თავისუფლების შესახებ და, როგორც ვიცი, ცენზურა ჯერ არ შემოუღიათ,” – აცხადებს კილაძე.

ზვიად ჯანყარაშვილი 2014 წლის 6 ოქტომბერს დაინიშნა “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივნად. მანამდე შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი იყო. ეს თანამდებობა  2014 წლის 15 აპრილამდე ეკავა, იგი თანამდებობიდან საკუთარი გადაწყვეტილებით გადადგა.

ზვიად ჯანყარაშვილი საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის დისშვილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი