ახალი ამბები

ნათია მოგელაძე: ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც გამოიკვეთება ასპარეზზე, ჩვენი ინტერესების სფეროში მოხვდება

26 იანვარი, 2012 • • 2948
ნათია მოგელაძე: ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც გამოიკვეთება ასპარეზზე, ჩვენი ინტერესების სფეროში მოხვდება

ნათია მოგელაძე
ნათია მოგელაძე

რა კრიტერიუმი აქვს კონტროლის პალატას იმის დასადგენად, არის თუ არა პირი პირდაპირ, ან ირიბად პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული? – ”ნეტგაზეთის” ამ კითხვას კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ნათია მოგელაძემ უპასუხა:

”მოდი, ამ საკითხს შევხედოთ მარტივად. თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული? ადამიანი, რომელსაც აქვს გაცხადებული თავისი პოლიტიკური მიზნები.

აი, ხვალ თქვენ რომ გამოხვიდეთ და თქვათ, რომ თქვენ გაქვთ გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, იყაროთ კენჭი და თქვენი ინტერესის სფეროა ამ პარტიასთან თანამშრომლობა. მერე აფინანსებთ ამ პარტიას, თქვენ უკვე მიიჩნევით როგორც დაკავშირებული პირი, რადგან თქვენ უკვე საჯაროდ განაცხადეთ თქვენი პოლიტიკური და საარჩევნო მიზანი და არა კონტროლის პალატამ, ან სხვა რომელიმე უწყებამ მოგანიჭათ ეს სტატუსი,”- განაცხადა ნათია მოგელაძემ.

მისივე თქმით, კონტროლის პალატა სწორედ ამ კონტექსტში დაინტერესდა მოძრაობით ”ჩვენი ხმა გიგი უგულავას”. მოგელაძის თქმით, თავად ამ ორგანიზაციის სახელშივე მოიაზრება, რომ ეს ორგანიზაცია შექმნილი იყო კონკრეტული კანდიდატის არჩევნებში წარმატების მხარდასაჭერად.

”აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ასეთი ტიპის ორგანიზაციები საინტერესოა და მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციას ბოლო დროს აქტივობები არ ჰქონდა, თვითონ ამ ორგანიზაციის სახელი და მიზანი, რისთვისაც ის შეიქმნა, ჩვენი მონიტორინგისთვის იყო საინტერესო, რადგან ეს გახლდათ იმ ტიპის ორგანიზაცია, რომელსაც შეიძლება, კვლავ გაეგრძელებინა მსგავსი საარჩევნო მიზნებისთვის პროპაგანდა. სწორედ ამიტომ მოვითხოვეთ მათი ანგარიშები და აქვე გეტყვით იმას, რაც მასმედიისთვის შესაძლოა, არ არის ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოძრაობამ გამოგვიგზავნა თავისი ფინანსური ანგარიშები და  გვაცნობა, რომ მხოლოდ 20 ლარი იყო მათ ანგარიშზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავეყრდნობით მხოლოდ ამ ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. ჩვენ ეროვნულ ბანკს გავუგზავნეთ წერილი და ყველა ლიცენზირებული ბანკიდან ვითხოვთ ინფორმაციას, ამ ორგანიზაციას ხომ არ აქვს გახსნილი რაიმე სხვა ანგარიში,” – განუცხადა ნათია მოგელაძემ ”ნეტგაზეთს.”

კონტროლის პალატის წარმომადგენელი გამოეხმაურა სოციალურ ქსელებში კონტროლის პალატის განცხადებისადმი წარმოქმნილ დამოკიდებულებასაც. რამდენიმე დღის წინ კონტროლის პალატამ გამოაქვეყნა განცხადება, რომ სოციალურ ქსელებში, არსებული მოთხოვნის შესაბამისად, უწყება შეისწავლიდა მოძრაობა ”ჩვენი ხმა გიგი უგულავას”  ფინანსებს.

”ასეთ ორგანიზაციებს ჩვენი მონიტორინგის სამსახური სწავლობს. აქედან გამომდინარე, უბრალოდ, თანხვედრა მოხდა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის და ამიტომ ვთქვით, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით ვეხმიანებოდით ამ ადამიანთა ინტერესს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სვამდა კითხვას, რატომ არ ვამოწმებთ სხვა ასეთ ორგანიზაციებს. ჩვენ ყველა ორგანიზაციას ვამოწმებთ, მათ შორის იმ ორგანიზაციებსაც, რომლებსაც შესაძლოა, დღეს არ აქვთ აქტივობები პოლიტიკური კუთხით, მაგრამ მათი საქმიანობა გარკვეულ კავშირში იყო პოლიტიკურ, საარჩევნო მიზნებთან,” – განუცხადა ნათია მოგელაძემ ”ნეტგაზეთს.” მისი თქმით, სხვადასხვა ორგანიზაციების მონაცემების შემოწმება ამჟამადაც მიმდინარეობს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, უშუალოდ რომელ ორგანიზაციებს ამოწმებს კონტროლის პალატა.

”ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც გამოიკვეთება ასპარეზზე, ჩვენი ინტერესების სფეროში მოხვდება. ჯერჯერობით იმ ორგანიზაციების სახელებს ვერ დავასახელებ, რომელთა შესახებ ინფორმაციაც დამუშავების პროცესშია.

მას შემდეგ, რაც ჩვენი პოზიცია იქნება ჩამოყალიბებული და კვალიფიციური, ეს გახდება საჯარო,” – ამბობს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი