ახალი ამბები

”ქართული ოცნება” კონტროლის პალატის მოთხოვნებს შეასრულებს

26 იანვარი, 2012 • • 946
”ქართული ოცნება” კონტროლის პალატის მოთხოვნებს შეასრულებს

ქართული ოცნება
ქართული ოცნება

ბიძინა ივანიშვილის მოძრაობა “ქართული ოცნება” ამ ეტაპზე ემორჩილება კონტროლის პალატის მოთხოვნას და უარს ამბობს 1’100’000 ლარზე. პარალელურად, ორგანიზაცია უახლოეს მომავალში კონტროლის პალატის წინააღმდეგ სამართლებრივად იბრძოლებს.

დღეს, 26 იანვარს, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ნათია მოგელაძემ ”ქართული ოცნება” ”თვალთმაქცურ გარიგებაში” დაადანაშაულა და შპს ”ელიტა ბურჯისთვის” 1’100’000 ლარის უკან დაბრუნება მოსთხოვა.

ნათია მოგელაძემ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ”ქართულმა ოცნებამ” ავეჯის დასამზადებლად შპს ”ელიტა ბურჯს” 2011 წლის 26 დეკემბერს გადაურიცხა 2 მილიონი ლარი. ”ელიტა ბურჯი” კი, ”ქართული ოცნების” მსგავსად, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ორგანიზაციაა.

კონტროლის პალატის ინფორმაციით, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველზე, ”ელიტა ბურჯმა” 2012 წლის 17 იანვარს ”ქართულ ოცნებას” ჯერ 100 ათასი, 20 იანვარს კი 1 მილიონი ლარი უკან დაუბრუნა.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახეზე არის თვალთმაქცური გარიგების ნიშნები, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში არის მცდელობა, რომ იურიდიული პირისაგან განხორციელდეს შემოწირულობა.

შპს ”ელიტა ბრუჯი” არის იურიდიული პირი  და მას არა აქვს უფლება, რაიმე თანხა გადაურიცხოს  ”ქართულ ოცნებას”, რადგან ის [ქართული ოცნება] მოქცეულია კონტროლის პალატის მონიტორინგის ქვეშ, რადგან მას აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები. ამის თავიდან ასაცილებლად მოფიქრებულ იქნა ერთი შეხედვით მარტივი სქემა და ამ სქემის მიხედვით უნდათ, რომ კანონიერი სახე მიეცეს იმ 1’100’000 ლარს, რომელიც უკან დაბრუნდა ”ქართული ოცნების” ანგარიშზე,” – განაცხადა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ.

მოგელაძის თქმით, სწორედ ამიტომ  კონტროლის პალატამ წინადადებით მიმართა ”ქართულ ოცნებას”, რომ სამი დღის ვადაში 1’100’000 ლარი უკან დაუბრუნდეს ”ელიტა ბურჯს.”

”უკანონო შემოწირულობა უნდა დაუბრუნდეს მის შემომწირველს და თუ ეს ასე არ მოხდება, მერე ამოქმედდება კანონით გათვალისწინებული მექანიზმები,”- განაცხადა მოგელაძემ, თუმცა თავი შეიკავა დაკონკრეტებისგან, თუ რა სანქციები შეიძლება დაეკისროს ”ქართულ ოცნებას” კონტროლის პალატის დაუმორჩილებლობისთვის.

კონტროლის პალატის მიერ ”ქართული ოცნებისთვის” გაგზავნილ წერილში წერია: ”ვთვლით, რომ სახეზეა მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების ნიშნები. ორივე ორგანიზაცია ეკუთვნის ერთი და იმავე ფიზიკურ პირს, მოძრაობა ”ქართული ოცნების” გამგეობის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.”

მოგვიანებით ნათია მოგელაძემ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ არსებითი მნიშვნელობა არა აქვს იმას, ორივე ორგანიზაციას ფლობს თუ არა ბიძინა ივანიშვილი.

”ეს ორგანიზაციები სხვადასხვა პიროვნებებისაც რომ იყოს, ეს არ არის მთავარი. ”ელიტა ბურჯი” რომ იყოს თქვენი ორგანიზაცია და თქვენ რაღაც შეგიკვეთოთ ამ ადამიანმა მანამ, სანამ კანონი ძალაში შევა და იმ დროს ცნობილი იყო, რომ პროექტი უკვე მომზადებული იყო და სამი მოსმენა გავლილი ჰქონდა. კანონის ძალაში შესვლამდე რომ უკვეთავ რაღაცას და მერე, კანონის ძალაში შესვლის შემდგომ, წყვეტ ხელშეკრულებას და თანხას უკან აბრუნებ, კითხვის ნიშანი მაინც გაჩნდება. ჩვენი მონიტორინგის მიზნებიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი შევისწავლეთ, რამდენად კანონიერი შეიძლება ყოფილიყო ეს მოძრაობა. ამასთან ერთად, ისიც ემატება, რომ ამ საეჭვო მოქმედებების გარდა, ამ ორგანიზაციის დამკვეთი, შემსყიდველიც და მიმწოდებელიც არის ერთი და იგივე პიროვნება, ეს ეჭვი უფრო და უფრო მყარდება,” – ამბობს ნათია მოგელაძე.

კითხვაზე, რატომ შეიძლობოდა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური მანიპულაციები ჩაეტარებინა თავის ორ ორგანიზაციას შორის, კონტროლის პალატის წარმომადგენელი პასუხობს, რომ ამ კითხვით თავად ამ ორგანიზაციის დამფუძნებლებს უნდა მივმართოთ.

რაც შეეხება ”ქართულ ოცნებას”, ორგანიზაციამ დღესვე უპასუხა კონტროლის პალატას და განაცხადა, რომ ის ემორჩილება მაკონტროლებელი უწყების მოთხოვნას და 1’100’000 ლარს უკან უბრუნებს ”ელიტა ბურჯს.”

”იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ჩვენი საკუთრების უკანონო ჩამორთმევა, ასევე, არაგონივრულად და არათანაზომიერად მკაცრი ფინანსური სანქციები, ჩვენ იძულებულნი ვართ, ამ ეტაპზე შევასრულოთ კონტროლის პალატის უკანონო მოთხოვნა. თუმცა უახლოეს დღეებში ვაპირებთ მივმართოთ ჩვენთვის კანონით მინიჭებულ სამართლებრივ ზომებს, რათა აღვკვეთოთ კონტროლის პალატის ჩვეულებადქცეული, თვითნებური და უკანონო მოქმედებები ჩვენ წინააღმდეგ,” – აცხადებენ “ქართულ ოცნებაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი