ახალი ამბები

თბილისში ავარიული სახლების აღდგენა ბიუჯეტიდან 80%–ით დაფინანსდება

26 იანვარი, 2012 • 1254
თბილისში ავარიული სახლების აღდგენა ბიუჯეტიდან 80%–ით დაფინანსდება

ნათელა კაჭარავა თბილისში, ბენაშვილის 10 ნომერში ცხოვრობს, ხოლო მისი შვილი –ბაქოს ქუჩის 13 ნომერში. ორივე სახლი ავარიულ მდგომარეობაშია.

როგორც ნათელა კაჭარავა ამბობს, სახლებთან დაკავშირებით მიმართვა არაერთხელ გაკეთდა, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. სწორედ ამიტომ ის დღეს ქალაქ თბილისის საკრებულოს შენობაში თბილისის რაიონის გამგებელთან შესახვედრად მივიდა.

გამგებელმა შეხვედრაზე მოსვლა ვერ შეძლო, თუმცა ავარიულ სახლებთან დაკავშირებით შეხვედრა ძველი თბილისის რაიონის გამგებლის მოადგილემ, ბესიკ ჯიმშელაძემ და თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქრისტიან–დემოკრატების” წევრმა, ზაზა გაბუნიამ გამართეს.

“ის შენობები, რომლებიც ექვემდებარება გამაგრებას, უნდა შეკეთდეს ბინათმოსარგებლეთა ამხანაგობების ინიციატივით”, – განაცხადა ბესიკ ჯიმშელაძემ. მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ავარიულ ბინაში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს, ერთობლივი შეთანხმების შედეგად მათ წარმომადგენელი უნდა გაგზავნონ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ან გამგეობაში. ყველა საჭირო საბუთის შემდეგ და მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ სახლი ნამდვილად ავარიულია, ბინათმოსარგებლეები თავად ირჩევენ სამშენებლო კომპანიას, რომელიც თანახმაა ჩაატაროს გამაგრებითი სამუშაოები. ამის შემდეგ სამშენებლო კომპანია გამგეობაში ხარჯთაღრიცხვას წარადგენს, რომლის 80%–ს გამგეობა დაფარავს, ხოლო 20%–ის დაფარვა თავად მოსახლეობას მოუწევს.

ნათელა კაჭარავა აცხადებს, რომ მან 2002 წლიდან მოყოლებული არაერთხელ მიმართა გამგეობას სახლის გადახურვის თაობაზე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გარშემო სახლები გადაიხურა, მათ საცხოვრებელს მაინც არაფერი ეშველა. ბოლო განცხადება მეზობლების სახელით 2011 წლის დასაწყისში დაიწერა, ამის შემდეგ კი ხელი ჩაიქნიეს:

“აქამდე ყველა მეზობელთან შეთანხმებით რამდენჯერმე დავწერეთ განცხადება, თუმცა ყურადღება არავინ მოგვაქცია. რომ ნახოთ, სახლში ისე წვიმს, როგორც გარეთ, მეორე სართულამდე აღწევს წვიმის ნაკადი. ახლა გვითხრეს, რომ აუცილებლად მოგვაქცევენ ყურადღებას, მაგრამ უკვე არ ვიცი, რამდენად დამთანხმდებიან მეზობლები, რადგან ადრე სახლის გადახურვა უფასო იყო, ახლა კი 20% ჩვენ უნდა დავფაროთ, რისი საშუალებაც ხალხს არ აქვს”.

როგორც ზაზა გაბუნია ამბობს, თანხები ამ სამუშაოების ჩასატარებლად გამოყოფილია და ახლა მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო სამუშაოების დასამთავრებლად:

“ჩვენი ერთ–ერთი პრიორიტეტია, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ავარიული სახლების შეკეთება.  წელს ამისთვის 103 მილიონზე მეტია გამოყოფილი, თუმცა, სამწუხაროდ, მსგავსი პრობლემები მაინც აწუხებს მოსახლეობას. დღეს კონკრეტულად ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობა მოვიწვიეთ. აქამდე კომუნიკაცია მოსახლეობასთან ძალიან მცირე იყო. იმედი მაქვს, რომ კონსესუსს მივაღწევთ და სამუშაოები რეალურად დაიწყება”.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ქალბატონი, ვისთანაც უკვე სამ თვეზე მეტია, იდა სისაურია შეფარებული, რომლის სახლი იმდენადაა დაზიანებული, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომ ის ცალკე ბინით უნდა დაკმაყოფილდეს.

ბესიკ ჯიმშელაძის თქმით, მართლაც ბევრია ისეთი შემთხვევა, როდესაც სახლი აღარ ექვემდებარება აღდგენას. ასეთ შემთხვევაში მოსახლეობას იგივე პროცედურების გავლა მოუწევს, რაც სახლის გამაგრების მოთხოვნის შემთხვევაში. ამის შემდეგ კი ისინი ქირით იქნებიან გაყვანილი სხვა საცხოვრებლებში მანამდე, სანამ მათი ბინით დაკმაყოფილება არ მოხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი