ახალი ამბები

ვერა ქობალიას ბრძანებით საკუთრებას კიდევ ერთ მოქალაქეს ჩამოართმევენ

25 იანვარი, 2012 • • 1094
ვერა ქობალიას ბრძანებით საკუთრებას კიდევ ერთ მოქალაქეს ჩამოართმევენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვერა ქობალიამ მიმდინარე წლის 23 იანვარს გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ამავე სამინისტროს მიენიჭა ექსპროპრეაციის უფლება. ეს ნიშნავს იმას, რომ ”აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის” მოქალაქე რობერტ ჩაჩავას 20 ათას კვ. მეტრ მიწას ჩამოართმევენ, სადაც განთავსებულია მრავალწლიანი ნარგავები და მიწის ნაკვეთები.

აღნიშნული ბრძანება ვერა ქობალიამ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღო.  როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, რობერტ ჩაჩავას კუთვნილი მიწა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული განსაზღვრული სამუშაოების ზოლშია მოხვედრილი. დოკუმენტში წერია, რომ ჩამორთმევას ექვემდებარება 20 ათასი კვ. მეტრის მიწის ფართობი, სადაც განთავსებულია მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება.

ბრძანების შესრულებაზე კონტროლი ვერა ქობალიას მოადგილეს, დავით გიორგაძეს დაევალა. კანონის მიხედვით, აღნიშნული ქონება ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ უნდა შეაფასოს და მის მფლობელს კომპენსაციაც შესაბამისად უნდა გადასცენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი