ტელეკომპანიები აპროტესტებენ საარჩევნო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ნაცვლად დღეს არსებული წესისა, საარჩევნო კამპანიის დროს (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან) თავიანთ ეთერში ყოველ საათში ერთხელ უნდა გამოყონ (არანაკლებ) 2,5 წუთი წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად.
დღეს მოქმედი კანონით საერთო ეროვნულმა მაუწყებლებმა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო რეკლმა უფასოდ ყოველ 3 საათში ერთხელ არანაკლებ 90 წამით უნდა განათავსონ ეთერში. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, დღეისათვის არსებული ჩანაწერი მათ აძლევთ საშუალებას, რომ კანონით დაწესებული დრო ე.წ. პრაიმტაიმი ხელშეუხებლად გადაანაწილონ. გვარამიას განმარტებით, კანონში ინიცირებული ცვლილებები მათ ამ საშუალებას წაართმევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელეკომპანიები ფინანსურად იზარალებენ.
“მართალია, [უფასო წინასაარჩევნო რეკლმაისათვის განსაზღვრული] დრო არ იზრდება, მაგრამ ჩნდება საათობრივი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ყოველ საათში უნდა არსებობდეს 2,5-წუთიანი ბლოკი. ეს არის ძალიან სერიოზული ზიანის მომტანი პირველ რიგში საეთერო ბადისთვის. ეს არის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებაში, რადგან საეთერო ბადე გამოხატვის თავისუფლების ნაწილია. ვაპირებთ ამ ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას… ამას არა მარტო ჩვენ [ვაპირებთ], არამედ ჯი-დი-ესიც და სხვა ტელეკომპანიებიც. ჩვენ აქამდე ვიყავით ფლექსიბილურები იმასთან დაკავშირებით, 90 წამი 3 საათში როგორ გაგვენაწილებინა. ხელშეუხებელს ვტოვებდით ე.წ. პრაიმტაიმს, რომელიც ყველაზე ძვირად ღირებული დროა და თუ ვინმეს იქ მოხვედრა სურდა, უნდა ეყიდა. ანუ არა მხოლოდ ბადეს ანგრევს [ეს ცვლილება], არამედ კომერციულ ზიანსაც გვაყენებს… უკვე პრაიმტაიმსაც ვეღარ გავყიდით. შესაბამისად, წინასაარჩევნო პოლიტიკური დრო ჩვენთვის ფინანსურად წამგებიანი ხდება”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჯი-დი-ესიც და რუსთავი 2-იც კი ერთ პოზიციაზე არიან. ისეთი კანონიც მივიღეთ, რომ აბსოლუტურად ყველა ერთ აზრზეა: ეს არის საშინელება. ეს არის ტელეკომპანიების ძარცვა. სამწუხაროდ, დამკვიდრდა ისეთი პრაქტიკა, რომ პოლიტიკოსები ჩვენს ქონებას ისე ანაწილებენ, რომ საერთოდ არაფერს გვეკითხებიან. არც კი უკითხავთ ჩვენი აზრი. ძალიან დიდი ფინანსური დანაკარგები გვექნება ჩვენ”, – აცხადებს ტელეკომპანია კავკასიას დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი.
ტელეკომპანიების წარმომადგენლები დღეს, 20 ივნისს პრეზიდენტის ადმინიტრაციაში იმყოფებოდნენ. მათ ზემოხსენებული კომენტარები სწორედ იქ გააკეთეს. ნეტგაზეთი ცდილობს ჩაიწეროს ტელეკომპანია ჯი-დი-ესის ოფიციალური პოზიცია, რომელსაც როგორც გვარამია, ისე ჯანგირაშვილი ახსენებენ.
ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო კოდექსს შეეხება, ჯერ 2 მოსმენითაა მიღებული. პრეზიდენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში კახა კოჟორიძე ამბობს, რომ მათთვის ამ საკითხზე მედიის წარმომადგენლების მოსაზრება მნიშვნელოვანია და სწორედ ამ დისკუსიების საფუძველზე ჩამოაყალიბებს პრეზიდენტი თავის პოზიციას, რომელსაც აქვს საკანონმდებლო ცვლილებებზე გავლენის მოხდენის საშუალება იმავე ვეტოს მეშვეობით.
ზემოხსენებულ სადავო საკითხზე დღეისათვის საარჩევნო კოდექსი ასეთ წესს ადგენს:
“საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს თავის ეთერში ყოველ 3 საათში არანაკლებ 90 წამით უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის”.
პარლამენტში ინიცირებული ცვლილბებით კი ის ასე უნდა შეიცვალოს:
“საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან თავის ეთერში ყოველ საათში გამოყოს არანაკლებ 2,5 წუთისა წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად და ყოველ 3 საათში თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა, იმ პირობით, რომ ამ პერიოდში ერთი სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ აღემატებოდეს (საარჩევნო სუბიექტს ეს დრო შეუძლია დაყოს რამდენიმე ნაწილად). არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.“
“კანონპროექტის თანახმად (კოდექსის 51-ე მუხლი), უფასო სარეკლამო დროით ისარგებლებს არა მარტო ის პარტია, რომელიც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის (ბლოკის) პირველი ნომერი იყო ან რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხმების 4% ან მეტი მიიღო, არამედ ყველა პარტია, რომელიც იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას. ამასთანავე, არ გაზრდილა მაუწყებლის მიერ გამოსაყოფი უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობა”, – ვკითხულობთ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების განმარტებით ბარათში.