ახალი ამბები

ყოფილი მფრინავები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შიმშილობენ

25 იანვარი, 2012 • • 1057
ყოფილი მფრინავები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შიმშილობენ

დღეს, 25 იანვარს, თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის სასახლის წინ, ვეტერანმა მფრინავებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს. ისინი კუთვნილი კომპენსაციის მიღებას და პენსიის გაზრდას ითხოვენ.

”ვეტერან მფრინავთა ასოციაციის” პრეზიდენტმა,  ალბერტ ნურბეკიანმა ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ამჟამად სულ 3 მფრინავი შიმშილობს, დანარჩენები კი აქციაზე მათთან ერთად იმყოფებიან. ნურბეკიანის თქმით, ისინი ხელისუფლებისგან ითხოვენ სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკის სამინისტროს ვეტერანი მფრინავებისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

”2004 წლიდან მე მოგებული მაქვს ხუთი სასამართლო პროცესი, რისთვის სჭირდება საქართველოს სასამართლო სისტემა, თუ არ სრულდება მისი გადაწყვეტილებები? მე ვარ ინვალიდი, შემიწყვიტეს პენსია და ამ პენსიას ვითხოვ,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” ვეტერანმა მფრინავმა ალბერტ ნურბეკიანმა.

მისი თქმით, პირადად მან საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებას წლების მანძილზე 300-მდე წერილი გაუგზავნა, აქედან 43 – პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, თუმცა მისგან პასუხი არ მიუღია. მოშიმშილე ვეტერანებთან არც შიმშილობის დაწყების შემდგე მისულან ხელისუფლების წარმომადგენლები.

ყოფილმა მფრინავების თქმით, მათ პასუხი მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროსგან მიიღეს, რომელშიც ეწერა, რომ კომპენსაციების გასაცემად სამინისტროს ფული არა აქვს.

”სომხეთში 850 ლარია ყოფილი მფრინავების პენსია, აზერბაიჯანში 1000-მდე, უკრაინაში კი –უფრო მეტი. მხოლოდ ჩვენ გვაქვს 100 ლარი, ჩვენ ბოლომდე ვიქნებით აქ,” – ამბობს ”ვეტერან მფრინავთა ასოციაციის” პრეზიდენტი. ასოციაცია ამჟამად 200-მდე ყოფილ მფრინავს აერთიანებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი