ახალი ამბები

ჟულიან ასანჟი მუშაობას რუსულ ტელეარხზე იწყებს

25 იანვარი, 2012 • • 949
ჟულიან ასანჟი მუშაობას რუსულ ტელეარხზე იწყებს

”ვიკილიქსის” დამფუძნებელი ჟულიან ასანჟი უახლოეს მომავალში რუსულ ტელეარხ ”Russia Today-ის” წამყვანი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, ”Russia Today-ის” ხელმძღვანელმა, მარგარიტა სიმონიანმა ”ტვიტერზე” მოკლე შეტყობინება გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ჟულიან ასანჟი სწორედ ის ავტორია, რომელზეც ის ადრეც საუბრობდა.

”ალბათ, ასე ნერვიულად არც ერთი შოუს დაწყებას არ დავლოდებივარ,”- წერს  ”Russia Today-ის” ხელმძღვანელი.

პროექტის ფარგლებში ჟულიან ასანჟი ათ გადაცემას – ინტერვიუს, მოამზადებს, რომელთა ხანგრძლივობა 26 წუთი იქნება. BBC-ის ინფორმაციით, ჟულიან ასანჟის რესპონდენტები იქნებიან ის პოლიტიკოსები და რევოლუციონერები,  რომლებიც, გადაცემის ავტორის აზრით, იმ დროისთვის აქტუალურები იქნებიან.

”Russia Today-ის” ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი სიამაყით აღნიშნავს, რომ ჟულიან ასანჟის შოუ პირველად სწორედ მის არხზე გავა. მის დასათანხმებლად მარგარიტა სიმონიანი პირადად ჩავიდა ლონდონში.

BBC-ის ცნობით, ტელეარხ ”Russia Today-ს” რუსეთის ხელისუფლება აფინასებს და მსოფლიო მასშტაბით მაუწყებლობს  ინგლისურ, არაბულ და ესპანურ ენებზე, როგორც საკაბელო ქსელით, ისე –სატელიტით.

ახალი შოუს წამყვანი ჟულიან ასანჟი, გაუსვლელობის ხელწერილით,  დიდ ბრიტანეთში შინაპატიმრობაში იმყოფება. მის ექსტრადირებას ითხოვს შვედეთი, სადაც ასანჟს სექსუალური ძალადობის გამო გასამართლება ელოდება. ბრიტანეთის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ექსტრადირების შესახებ  ასანჟმა ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა და პასუხს ელოდება.

რაც შეეხება ”ვიკილიქსს,” რომელიც ცნობილი გახდა აშშ-ის საიდუმლო დიპლომატიური მიმოწერის გამოქვეყნებით, ამჟამად არ მუშაობს. ”ვიკილიქსმა” საიდუმლო მასალების გამოქვეყნების შეჩერება ფინანსური რესურსის უქონლობით ახსნა. ცნობილი ფაქტია, რომ საერთაშორისო ბანკებმა და გადახდის სისტემებმა ორგანიზაციასთან საქმიან ურთიერთობაზე უარი განაცხადეს და მისი ყველა ანგარიში დახურეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი