ახალი ამბები

შსს: “რუსთავი 2”-ის ოპერატორს მაშინ სცემეს, როცა გადამღებმა ჯგუფმა მუშაობა დაასრულა

19 ივნისი, 2016 • 1353
შსს:  “რუსთავი 2”-ის ოპერატორს მაშინ სცემეს, როცა გადამღებმა ჯგუფმა მუშაობა დაასრულა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს, 19 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას ავრცლეებს. უწყების განცხადებით, ფიზიკური დაპირისპირება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ოპერატორსა და უცნობ პირს შორის მას შემდეგ გაიწყო, რაც გადამღებმა ჯგუფმა მუშაობა დაასრულა. საქმის გამოძიება ცემის ფატქზე სსკ-ის 125-ე მუხლით მიმდინარეობს და არა სსკ-ის 154-ე მუხლით, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას ითვალისწინებს. სწორედ მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვდნენ ტელევიზიის წარმომადგენლები.

შსს-ს განცხადებით, ოპერატორ გიორგ ც.-ს მოქალაქე ალექსანდრე ს.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილს გაეცალა. მას გიორგი ც. დაედევნა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

“კონფლიქტის ადგილზე ამ დროს იმყოფებოდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი და საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი. ამ უკანასკნელის განცხადებით, როდესაც იგი მობილური ტელეფონით ცდილობდა კონფლიქტის გადაღებას, ალექსანდრე ს.-ს თანმხლებმა ქალბატონმა თამარ ლ.-მ, პროტესტის ნიშნად მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პარლამენტარმა სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადა.

სამართალდამცველებმა ცემის ფაქტზე 1970 წელს დაბადებული თამარ ლ. გამოავლინეს. რაც შეეხება გიორგი ც.-ს და ალექსანდრე ს.-ს, ორივე პირი გამოკითხულია და წინასწარი მონაცემებით, მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ,” – აცხადებენ შსს-ში.

განცხადებას არ ეთახმება ტელეკომპანია. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ვიდეო მასალაში მხოლოდ ერთი კამერის მიერ გადაღებული კადრებია ნაჩვენები, რაც არ ასახავს მოვლენებს სრულად.

მასალების გადაბეჭდვის წესი