ახალი ამბები

დავით ბაქრაძე დღეს ქარელს ესტუმრა

24 იანვარი, 2012 • • 958
დავით ბაქრაძე დღეს ქარელს ესტუმრა

ბაქრაძე ქარელში მოსახლეობასთან შეხვედრისას
ბაქრაძე ქარელში მოსახლეობასთან შეხვედრისას

დღეს, 24 იანვარს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, შიდა ქართლის გუბერნატორ გიორგი ტატიშვილთან ერთად, ქარელში საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

საკანალიზაციო ქსელის მოწყობის პროექტი ქარელში გასულ წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე სისტემის რეაბილიტაცია-მოწყობა მგალობლიშვილის ქუჩაზე მოხდა, მეორე ეტაპზე– ბარათაშვილის, ხოლო მესამე ეტაპზე– საკანალიზაციო სისტემის მოწყობა ფიროსმანის, მარჯანიშვილის ჩიხისა და ლენინგრადის ქუჩებზე განხორციელდება.

სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლენინგრადის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწყობა მიმდინარეობს, რაც წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას მოუგვარებს ამ ქუჩაზე მცხოვრებ 50 ოჯახს.

პროექტის პირველი და მეორე ეტაპი საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხით დაფინასდა, მესამე ეტაპის შესასრულებლად კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 108 888 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “დათა+” ახორციელებს.

ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებს განხორციელებული პროექტის გამო მადლობა გადაუხადა.

“ქარელში ამ ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა არასდროს ყოფილა. ახლა კი მოსახლეობა შეუფერხებლად ისარგებლებს განახლებული სისტემით, ექნება წყალმომარაგება, უკვე სარგებლობს ბუნებრივი აირით, რეაბილიტირებულია სკოლებიც. ანუ ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტები 2012 წლის ბოლოსთვის დასრულებული იქნება,” – განაცხადა ბაქრაძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე და დასძინა, რომ კვლავ გაგრძელდება მსგავსი პროგრამები, რათა გადაიჭრას ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული ყველა პრობლემა თითოეულ სოფელსა თუ რაიონულ ცენტრში.

მასალების გადაბეჭდვის წესი