ახალი ამბები

მერია ჯიხურების აღების ფაქტს ეხმაურება

24 იანვარი, 2012 • 1106
მერია ჯიხურების აღების ფაქტს ეხმაურება

მერიის ზედამხედველობის სამსახური თბილისში გუდამაყრის ქუჩაზე, მერვე საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, არსებული ჯიხურის დემონტაჟის საკითხს ეხმაურება და განმარტავს, რომ მოქალაქის მიერ მითითებული ჯიხური წლების განმავლობაში უნებართვოდ იყო განთავსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

მერიის განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ჯიხური არ ფუნქციონირებდა.

”მიუხედავად იმისა, რომ ჯიხურის მფლობელი 2 თვით  ადრე იქნა გაფრთხილებული ჯერ სიტყვიერად, ხოლო შემდგომ წერილობით, სამართალდარღვევის ნებაყოფლობითი გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მოსალოდნელი საჯარიმო სანქციებისა და სადემონტაჟო ღონისძიებების შესახებ, მოქალაქემ არ გამოხატა ნება, რათა შეესრულებინა კანონმდებლობის მოთხოვნები”- აღნიშნულია განცხადებაში.

უნებართვო ჯიხურთან დაკავშირებით მიმდინარე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებაში ჯიხურის მფლობელი ჩართული იყო წარმოების დაწყებიდან ბოლო ეტაპამდე და  დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სრულად იყო ინფორმირებული მოსალოდნელი სანქციების შესახებ:

”სამწუხაროდ, მოქალაქე ნანა გეჯაძის მიერ არ იქნა გათვალისწინებული როგორც გაფრთხილება მოსალოდნელი საჯარიმო სანქციების შესახებ, ასევე, სამსახურის შეთავაზება დარღვევის გამოსასწორებლად ტექნიკური დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით.”

შეგახსენებთ, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მერვე საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ორი ჯიხური დღეს, დილის 8-ის ნახევარზე, აიღო და ჯიხურის მეპატრონეები 10 ათასი ლარით დააჯარიმა.

საავადმყოფოსთან არსებულ ჯიხურში– სიგარეტი, გამაგრილებელი სასმელები და ტკბილეული იყიდებოდა.

ჯიხურის მეპატრონე ნანა გეჯაძე  მიიჩნევს, რომ თბილისის მერიამ ეს გადაწყვეტილება “ნუგეშის” ჯიხურის გამო მიიღო.

“აქვეა ეს ნუგეშის ჯიხურიც, როგორ შევეჯიბრებოდით მას, სავსეა პროდუქტით, მაგრამ მაინც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დოკუმენტაცია თავის სასარგებლოდ შეეთითხნათ, თითქოს უნებართვოდ ვართ მთელი ეს პერიოდი და 10 000– ლარიანი ჯარიმით გვაჯარიმებს სამშენებლო საქამიანობს დარღვევისთვის, რომელიც 30 დღეში უნდა დავფაროთ,”–ამბობს გეჯაძე.

ჯიხურის მეპატრონის თქმით, მას შემდეგ, რაც თბილისის ზედამხედველობის სამსახურისგან ჯიხურის აღების შესახებ ამცნეს, ჯიხურის მეპატრონეებმა განცხადებები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და სახალხო დამცველის სახელებზე და ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებში შეიტანეს, თუმცა, როგორც გეჯაძე ამბობს –”ნოლი რეგირება”.

თუმცა ჯიხურის მეპატონეები ამბობენ, რომ სამართლებრივ დავას ისინი მაინც გააგრძელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი