ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი საჩხერეში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

24 იანვარი, 2012 • • 1037
ბიძინა ივანიშვილი საჩხერეში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

ბიძინა ივანიშვილი 13 იანვარს, ღამეს, საჩხერეში საახალწლო კონცერტის მსვლელობისას მომხდარ ინციდენტს აღმაშფოთებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ მოქმედებებს კანონის ფარგლებში ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ივანიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

“სრულიად აღმაშფოთებელია სამართალდამცველი სტრუქტურების უკანონო მოქმედება და  პირდაპირი ძალადობა, რასაც, ბუნებრივია, მოჰყვება ჩვენი მხრიდან შესაბამისი და ადეკვატური რეაგირება კანონის ფარგლებში. ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ ამჟამად მიმდინარეობს პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” ორგანიზაციული და სტრუქტურული ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც უახლოეს ხანში მთელი საქართველოს მასშტაბით ამოქმედდება. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება ყველა ჩვენი მხარდამჭერის და თითოეული დაჩაგრული ადამიანის გაცილებით ეფექტიანი და ქმედითი დაცვა პოლიტიკური რეპრესიებისაგან. მანამდე კი, თხოვნით მივმართავთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობიანად, არჩევნების გზით წარმატების მიღწევა: გამოიჩინონ სიმშვიდე, მაქსიმალურად შეიკავონ თავი და არ აჰყვნენ შესაძლო პროვოკაციებს.

ასევე, მივმართავთ სამართალდაცვის ორგანოების წარმომადგენლებს –  პატივი სცენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას, ხელი აიღონ უკანონო ბრძანებების შესრულებაზე და თავიანთი მოქმედებით ნუ გამოვლენ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ყველა პასუხს აგებს არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, არამედ კანონის წინაშე, არა რომელიმე პოლიტიკურ ლიდერთან, არამედ თავისუფალ სასამართლოში. ნუ აჰყვებით საგანგებოდ გავრცელებულ ჭორებს, თითქოს ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში თქვენ პოლიტიკური რეპრესიების ქვეშ მოჰყვებით. პირიქით, ჩვენ ხელისუფლების არჩევნებით შეცვლას იმიტომაც ვაპირებთ, რომ სამართალდაცვის სტრუქტურები გათავისუფლდნენ პოლიტიკური წნეხისგან და არ მოუწიოთ პოლიტიკურად მოტივირებული უკანონო ბრძანებების შესრულება. ჩვენ ყველამ უნდა ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, რომელიც კანონებით იმართება და არა პოლიტიკური ლიდერების ნება-სურვილით,” – აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე თემაზე:

რატომ იჩხუბა იმერეთის გუბერნატორმა საჩხერის რესტორანში [Audio]

რა მოხდა საჩხერეში – კვირის რეპორტაჟი

საჩხერეში ახალგაზრდების ცემის თაობაზე ფოტომასალა გავრცელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი