ახალი ამბები

USAID-ის ინიციატივით თბილისში საგადასახადო კოდექსის პრობლემები განიხილეს

24 იანვარი, 2012 • • 1136
USAID-ის ინიციატივით თბილისში საგადასახადო კოდექსის პრობლემები განიხილეს

დღეს, 24 იანვარს, თბილისში USAID-ის მისიის ხელმძღვანელის სტეფან ჰეიკინის მასპინძლობით დახურული შეხვედრა გაიმართა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ბიზნესმენებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს საგადასახდო კოდექსის ის პრობლემური ნაწილი, რომელიც, ღონისძიების ორგანიზატორების მოსაზრებით, ხელს უშლის საქართველოში მოხალისეობის განვითარებასა და არსამთავრობო სექტორის ფინანსურ მდგრადობას.

USAID-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – ”საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში(G-PAC)” – ფარგლებში, გამოვლინდა საგადასახადო კოდექსის ის დებულებები, რომლებიც აბრკოლებს საქართველოში მოხალისეობის, ქველმოქმედებისა და არასამთავრობი და საქველმოქმედო ორგანიზაციების ეკონომიკურ საქმიანობას.

დახურული შეხვედრის დაწყებამდე USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა სტეფან ჰეიკინმა ჟურნალისტებს განუცხადა: ”სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში საკმაოდ ახალგაზრდაა და მას სჭირდება დახმარება კერძო სექტორიდან. ფილანტროპია ამ შემთხვევაში იქნება დაფინანსების ერთ-ერთი წყარო. დღეს ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხებს და გამოირკვევა, რა მიმართულებით შეიძება მოხდეს მუშაობა.”

”სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” დირექტორმა, ვაჟა სალამაძემ კი განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა არის დიალოგი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, დონორებს, ბიზნესისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. სალამაძის თქმით, საგადასახადო კოდექსის პრობლემების განხილვისას საუბარია იმაზე, თუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია იყენებს მოხალისეობის შრომას, აბსოლუტურად გაუგებარია მოხალისის სტატუსი და მისი დაბეგვრის რეჟიმი – ის იბეგრება ჩვეულებრივ, ისევე, როგორც დაქირავებული თანამშორმელი. მისი თქმით, გარდა ამისა, არის სხვა დეტალებიც, რომლებიც ხელს უშლის მსგავსი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი