ახალი ამბები

ჯიხურების მეპატრონეები 10 ათასი ლარით დააჯარიმეს

24 იანვარი, 2012 • 1535
ჯიხურების მეპატრონეები 10 ათასი ლარით დააჯარიმეს

მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მერვე საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ორი ჯიხური დღეს, დილის 8–ის ნახევარზე, აიღო და ჯიხურის მეპატრონეები 10 ათასი ლარით დააჯარიმა.

“დღეს, დილაადრიან, სავარაუდოდ, 8 –ის ნახევარზე მეზობლები შემოგვეხმიანენ, თქვენს ჯიხურებს ანგრევენო,”–ამბობს ნანა გეჯაძე, ერთ–ერთი ჯიხურის მეპატრონე.

საავადმყოფოსთან არსებულ ჯიხურში– სიგარეტი, გამაგრილებელი სასმელები და ტკბილეული იყიდებოდა.

ჯიხურის მეპატრონე მიიჩნევს, რომ თბილისის მერიამ ეს გადაწყვეტილება “ნუგეშის” ჯიხურის გამო მიიღო.

“აქვეა ეს ნუგეშის ჯიხურიც, როგორ შევეჯიბრებოდით მას, სავსეა პროდუქტით, მაგრამ მაინც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დოკუმენტაცია თავის სასარგებლოდ შეეთითხნათ, თითქოს უნებართვოდ ვართ მთელი ეს პერიოდი და 10 000– ლარიანი ჯარიმით გვაჯარიმებს სამშენებლო საქამიანობს დარღვევისთვის, რომელიც 30 დღეში უნდა დავფაროთ,”–ამბობს გეჯაძე.

ჯიხურის მეპატრონის თქმით, მას შემდეგ, რაც თბილისის ზედამხედველობის სამსახურისგან ჯიხურის აღების შესახებ ამცნეს, ჯიხურის მეპატრონეებმა განცხადებები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და სახალხო დამცველის სახელებზე და ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებში შეიტანეს, თუმცა, როგორც გეჯაძე ამბობს –”ნოლი რეგირება”.

აღნიშნული ჯიხურების საქმეს მერიის ზედამხედველობის სამსახური ეხმაურება. სამსახურის ინფორმაციით, ჯიხურები დღეის მდგომარეობით თვითნებურად განთავსებულია  სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

“ამასთან, გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის #842 17.11.1993წ. გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. ,,ელი”-ს დაევალა ჯიხურის ტიპის და განთავსების სიტუაციური გეგმის ქ. თბილისის მერიის შესაბამის სამსახურთან შეთანხმება, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნებოდა ჯიხურის განთავსება, რაც შ.პ.ს. ,,ელი”-ს მიერ არ განხორციელებულა და, შესაბამისად, დარღვეულია გადაწყვეტილების პირობები. ამავდროულად, გასულია ჯიხურის განთავსების ერთწლიანი ნებართვის ვადაც, შესაბამისად, ჯიხური დღეის მდგომარეობით კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით ითვლება უნებართვოდ და ექვემდებარება დემონტაჟს.”–ამბობენ ზედამხედველობის სამსახურში.

თუმცა ჯიხურის მეპატონეები ამბობენ, რომ სამართლებრივ დავას ისინი მაინც გააგრძელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი