MDF-ს კვლევა – როგორ აფასებენ პოლიტიკური პარტიები მედიის მიერ მათი საქმიანობის გაშუქებას

“მედიის განვითარების ფონდმა” პოლიტიკური პარტიების საჭიროებები იკვლია, რომლის მიხედვითაც, შეისწავლეს პოლიტიკური ძალების დამოკიდებულება მედიასაშუალებების მიმართ.

მედიის განვითარების ფონდის გამოკითხვამ აჩვენა, რომ პარტიათა უმეტესობის აზრით, მრავალფეროვანი მედიაგარემოს არსებობა გავლენას ახდენს სხვა მედიასაშუალებების მუშაობაზე და აიძულებს მათ მეტ-ნაკლებად მგრძნობიარენი იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მიერ დაყენებული საკითხებისა და ინიციატივებისადმი.

კვლევის მიხედვით, კვალიფიციური და არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა მათი სიახლეებისა და ინიციატივების ტელეკომპანიების მთავარ გამოშვებებში (პრაიმ-ტაიმში) გაშუქება; არასაპარლამენტო ოპოზიციის შემთხვევაში ხშირად მათი აქტივობებს სრული უგულებელყოფაც ამძაფრებს.

რაც შეეხება კვალიფიციურ პარტიებს, ისინი მთავარ გამოწვევად ასახელებენ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ მათ წინააღმდეგ ნეგატიური კამპანიის წარმოებას. მსგავსი პრობლემები ყველაზე მეტად სახელისუფლებო პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ყოფილი სახელისუფლებო პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; სახელისუფლებო კოალიციის წევრის „რესპუბლიკური პარტიის“, „პატრიოტთა ალიანსის“ და „გაერთანებული დემოკრატიული ოპოზიციის“ წარმომადგენლებმა გამოკვეთეს.

media1

კვლევის ფარგლებში რამდენიმე პარტიამ ღიად დააფიქსირა, რომ ისინი პრინციპულად არ თანამშრომლობენ გარკვეული ტიპის მედიასთან: ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ახალი პოლიტიკური ცენტრი – „გირჩის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი არ აძლევენ ინტერვიუებს “ობიექტივსა” და “ასავალ-დასავალს”, რადგან “პრორუსულ მედიად”,მიაჩნიათ.

კვლევის მიხედვით, პარტია „რესპუბლიკელების“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ ცდილობენ თანამშრომლობას მტრულად განწყობილ ობიექტივთან”, “ასავალ-დასავალსა” და „საქართველო და მსოფლიოსთან“. ტელეკომპანია „ტაბულასთან“ თანამშრომლობაზე: „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“.

პოზიტიური ინფორმაციის გაშუქების ხარისხის მიმართ ბევრი პრეტენზია აქვს სახელისუფლებო პარტიას, რომლის წარმომადგენელიც მიიჩნევს, რომ პრაქტიკულად არც ერთი მედიასაშუალება საქართველოში სრულფასოვნად არ აშუქებს სახელისუფლებო მიღწევებს, რასაც მედიის ზედმეტი სკანდალურობით ხსნის, აცხადებს კვლევა.

მედია3

გამოკითხვის მიხედვით, არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის მთავარ სატელევიზიო მედიატრიბუნას წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი, რომლის ფორმატი ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა.

კვლევამ აჩვენა, რომ პარტიათა უმრავლესობა (18) ამომრჩეველთან კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებად ტელევიზიას თვლის.

პარტიების მიერ სრულფასოვანი გაშუქების მაგალითად დასახელებული პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსთავი 2 (9); პირველი (8); მაესტრო და გაზეთი „რეზონანსი“ (7-7); საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი და „კავკასია“ (6-6 ); საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს და ტელეკომპანია „იმედს“ სრულფასოვანი გაშუქების მაგალითად სულ 2 რესპონდენტი ასახელებს; 2 რესპონდენტი კი ამბობს, რომ ყველა მედიასაშუალება მეტ-ნაკლებად დაბალანსებულად აშუქებს მათ საქმიანობას.

მედია4

კვლევის მიხედვით, კვალიფიციური პარტიები თვლიან, რომ თემის მხოლოდ დღის ეთერში გაშუქება, ინიციატივაზე ან ფაქტზე მთავარ გამოშვებაში სიუჟეტის მომზადებაზე უარის თქმა მედიის მხრიდან მათი პარტიის აქტივობების მთავარი აქცენტების გადასაფარად ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებული ხერხია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თვლის, რომ ტელეკომპანია „იმედი“ მათი პარტიის წინააღმდეგ აქტიურად საქმიანობს და პარტიის აქტივობების გადაფარვას სწორედ ამ მეთოდით ახდენს.

პრორუსულ ორიენტაციაზე მინიშნება მისი პარტიის საწინააღმდეგო კამპანიად მიაჩნია პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელ ირმა ინაშვილსაც: “რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ჩვენ ვართ პრორუსები და ნაციონალური მოძრაობაც იგივეს აცხადებს, შესაბამისად, „იმედი“ და „რუსთავი 2“ ანალოგიურ აქცენტებს სვამენ“, – წერია კვლევაში.

კვლევაში რესპონდენტებმა გამოყვეს პოლიტიკურად მიკერძოებული ტელემედია და ინტერნეტ- პორტალები. ტელემედიაში პოლიტიკურ აფელირებასთან დაკავშირებულ კითხვაზე ღია პასუხს რესპონდენტები თავს არიდებენ, თუმცა ასახელებენ შემდეგ ტელეკომპანიებს ტვ „ობიექტივი“(პატრიოტთა ალიანსი); (19); ტელეკომპანია GDS-ს (ქართული ოცნება)(17); „რუსთავი 2“-ს (ნაციონალური მოძრაობა) (17) ; ტელეკომპანია „ტაბულა“ (ნაციონალური მოძრაობა)(17); ტელეკომპანია „იმედი“ (ხელისუფლება) (8); „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი“ (5).

კვლევის მიხედვით, პირველი ოთხი ტელეკომპანიის შემთხვევაში რესპონდენტები არგუმენტებად ასახელებენ მფლობელებისა და მმართველების ვინაობას, კონტენტს, ტელევიზიების დეკლარირებულ პოზიციებს. ტელეკომპანია „იმედის“ შემთხვევაში – კონტენტსა და ასევე „იმედის“ და მის მფლობელებთან დაახლოებული პერსონების ჩართულობას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და ტელეკომპანია „მაესტროს“ მფლობელების დავებში.

კვლევის მიხედვით, განსხვავებული სიტუაციაა მედიაპორტალებთან მიმართებაში – პოლიტიკური მიკერძოებულობის შეფასების პარალელურად, პარტიები თვლიან, რომ ეს პორტალები მიზანმიმართულად მუშაობენ მათი პარტიის წინააღმდეგ: ასეთ მედიასაშუალებებს შორის პირველ ადგილზეა „მარშალპრესი“ (7), რომელსაც რესპონდენტთა ნაწილი საქართველოს ხელისუფლებასთან (უშიშროების სამსახურებთან) აფელირებულად თვლის. პროდასავლური პოლიტიკური პარტიების მიმართ მიზანმიმართული კამპანიის ჯგუფში ასევე დასახელებული იყო: „ფოსტალიონი“ (2), „რეპორტიორი“ (2), „ასავალ-დასავალი“ (1), „საქართველო და მსოფლიო“ (1), ფორ.გე (1); მეორე მხრივ კი ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ მიკერძოებულ ინტერნეტ- რესურსთა ჩამონათვალში დასახელებულია: „პირველი რადიო“ (1), პრესა.გე (1), tzona.ge (1); „ნიუპოსტი“.

2016-06-17_085654

კვლევის მეთოდოლოგიად გამოიყენეს პირისპირ ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდი, რომლის ფარგლებშიც პარტიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, ეპასუხათ ღია და სტრუქტურირებულ შეკითხვებზე.

კვლევის ფარგლებში ჩატარდა 19 ინტერვიუ 18 პარტიის წარმომადგენელთან და 1 დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტთან. ინტერვიუები 2016 წლის თებერვალსა და აპრილში ჩატარდა, რა დროსაც არ იყო გაცხადებული კოალიცია „ქართული ოცნების“ სუბიექტების განზრახვა, არჩევნებში დამოუკიდებლად მიეღოთ მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, კოალიციის წევრები კვლევაში დამოუკიდებელ სუბიექტებად არიან წარმოდგენილი.

კოალიციაში შემავალი ერთადერთი პარტია, რომელმაც თავი აარიდა ინტერვიუს, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ იყო. აღნიშნულ პერიოდს უკავშირდება პარტიის ხელმძღვანელსა და მედიას შორის, ასევე თავდაცვის მინისტრსა და პარტიის ლიდერს შორის შიდა კოალიციური მწვავე დაპირისპირება.

რესპონდენტებად შეირჩნენ კვალიფიციური სუბიექტები , რომელთაც საპარლამენტო წარმომადგენლობის გამო პირობითად ახალი პოლიტიკური ცენტრი – „გირჩიც“ მივაკუთვნეთ, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიცია, კერძოდ, ინტერფრაქციულ ჯგუფში შემავალი 7 პარტია, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ალეკო ელისაშვილი, რომელიც მმართველი გუნდის ცალკეული წარმომადგენლების კორუფციაში მხილების გამო პოლიტიკური აქტიურობით გამოირჩეოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com