ახალი ამბები

“თავი მეგონა კომკავშირის ყრილობაზე” – ნინო კუზანოვამ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა

17 ივნისი, 2016 • 1276
“თავი მეგონა კომკავშირის ყრილობაზე” – ნინო კუზანოვამ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა

ნინო კუზანოვამ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა. ამის შესახებ მან “TV პირველის” ეთერში  განაცხადა.

“თავიდან მე ვისაუბრე პაატა ბურჭულაძესთან და მის ერთ თანამშრომელთან. პარტიის სხვა ლიდერებს და სხვა წევრებს არ ვიცნობდი. გადავხედე ხალხს, რომელიც ყოველდღიურად მატულობდა პარტიაში. ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი იყო, რომელთა გვერდზეც ჩემი თავი უბრალოდ ვერ წარმომიდგენია და მათთვისაც ალბათ არ ვიქნებოდი სასურველი პირი ჩემი ხასიათებით. მინდა ყველაფერი კარგად გააკეთონ, რომ კიდევ ერთი მეზღაპრე პარტია არ მივიღოთ,”- განაცხადა კუზანოვამ.

კუზანოვას განცხადებით, ბურჭულაძის პარტიის ყრილობა კომკავშირის ყრილობას გავდა:

“იურიდიულად პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, ტრიბუნაზე ვიყავი. თავი მეგონა კომკავშირის ყრილობაზე. მე ვერ ვიგრძენი ბუნებრივობა, ვერ ვიგრძენი, რასაც ჰქვია, სულიდან წამოსული სიყვარული, რაღაცის კეთების აღტკინება. ეს იყო დადგმული, მარშიროვკებს რომ გვაძალებდნენ და მერე დროშების ფრიალი რომ იყო.”

ცნობილი საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის მიერ ჩამოყალიბებული ახალი პარტიის, “სახელმწიფო ხალხისთვის”, ყრილობა 28 მაისს გაიმართა. ყრილობაზე პაატა ბურჭულაძე, რომელმაც პარტია მაისში დააფუძნა, თავმჯდომარედ აირჩიეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი