ახალი ამბები

ევროკავშირმა ირანს სანქციები დაუწესა

23 იანვარი, 2012 • • 1052
ევროკავშირმა ირანს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ ქვეყნის ბირთვული პროგრამის გამო სანქციები დააწესა.

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ შემუშავებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დასკვნა მიღებულია ევროსაბჭოს 2011 წლის 9 დეკემბრის და საგარეო საქმეთა საბჭოს 1 დეკემბრის დასკვნების მიხედვით.

აღნიშნული სანქციები ითვალისწინებს ირანის ნედლი ნავთობის იმპორტის აკრძალვასა და ქვეყნის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვას. სანქციის მიხედვით, ირანიდან ნავთობპროდუქტების იმპორტზე ახალი კონტრაქტების გაფორმება იკრძალება, ხოლო დღემდე არსებული შეთანხმებების მოქმედების ვადა 1-ელ ივლისამდე განისაზღვრება.

ევროკავშირმა სანქციები ირანის ბირთვული პროგრამის გამო მიიღო, თუმცა თეირანი ბირთვული იარაღის წარმოებას კატეგორიულად უარყოფს.

“გადაწყვეტილების მიზანია ირანის დარწმუნება, რომ დაუბრუნდეს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს,” – განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კეტრინ ეშტონმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი