ახალი ამბები

დიპლომატების შეხვედრა ”ქართულ ოცნებაში”

23 იანვარი, 2012 • • 1197
დიპლომატების შეხვედრა  ”ქართულ ოცნებაში”

დღეს, 23 იანვარს, თბილისში გამართულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედება და დახმარება სთხოვეს როსტომ მეფის სასახლესთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაში.

დიპლომატების მიღება ”ქართული ოცნების” ოფისში,  როსტომ მეფის სასახლეში, გაიმართა. შეხვედრას 20-მდე ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი ესწრებოდა. ”ქართული ოცნების” კოორდინატორმა და ყოფილმა დიპლომატმა, მაია ფანჯიკიძემ, იურისტებმა– ეკა ბესელიამ და არჩილ კბილაშვილმა –უცხოელ დიპლომატებს გააცნეს ”ქართული ოცნების” კუთვნილი ბიზნესცენტრის – როსტომ მეფის სასახლის გარშემო შექმნილი პრობლემები. გარდა ამისა, მათ უჩვენეს რამდენიმეწუთიანი სიუჟეტი იმის შესახებ, თუ რა პრობლემები შექმნათ ბიძინა ივანიშვილსა და მის მხარდამჭერებს ბიზნესმენის პოლიტიკაში მოსვლის შემდგომ.

როსტომ მეფის სასახლე თბილისში, ერეკლე მეორის მოედანზე, #3-ში მდებარეობს. მისი მფლობელია შპს ”ახალი კაპიტალი,” რომელიც ”ქართუ ჯგუფში” შემავალი კომპანიაა.
ადვოკატები როსტომ მეფის სასახლესთან დაკავშირებით ოთხ ძირითად პრობლემაზე საუბრობენ: 1. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ როსტომ მეფის სასახლის მშენებლობის შეჩერება და შენობის ექსპლოატაციაში არმიღება, 2. თბილისის მერიის მიერ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აღნაგობის უფლების გაუქმება(მიწისქვეშა ავტოსადგომის 49-წლიანი მართვის უფლების ჩამორთმევა), 3. სასახლეში უცხო პირების შეჭრა და 4. როსტომ მეფის სასახლის წინ უკანონო ხის კონსტრუქციის აღმართვა.

”ახალმა კაპიტალმა” 2011 წლის 26 დეკემბერს  თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილება როსტომ მეფის სასახლის მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით.  უფრო ადრე კი მათ დედაქალაქის მერიაში გაასაჩივრეს ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილება შენობის ექსლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ არის მიღებული და არც სასამართლო განხილვა დაწყებულა.

ივანიშვილის ადვოკატები სასამართლო განხილვის დაწყებასაც ელოდებიან თბილისის მერიის მიერ როსტომ მეფის მიმდებარე ტერიტორიაზე აღნაგობის უფლების გაუქმების გამო, რაც მიწისქვეშა ავტოსადგომის 49-წლიანი მართვის უფლების ჩამორთმევას გულისხმობს.

”ქართული ოცნების” ადვოკატების თქმით, უკანონოდ არის გავლებული ხის ღობე როსტომ მეფის სასახლესა და ”ქართული ოცნების” შენობებს შორის. მათი მტკიცებით, დედაქალაქის მერიამ ეს ღობე უკანონოდ გაავლო, რადგან ერეკლეს მოედანზე არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს. ადვოკატ არჩილ კბილაშვილის თქმით, მერიას ღობე უნდა შემოევლო ერეკლეს მოედანზე, ”ქართული ოცნების” ოფისის გვერდით მდებარე შენობისთვის, რომლის ნგრევა მერიის ბრძანებით დღეს დაიწყეს.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა დიპლომატებს უამბეს 2011 წლის 29 ოქტომბერს მომხდარი ფატქის შესახებაც, როცა როსტომ მეფის სასახლის 150 კვ.მ ფართი უცნობმა პირებმა – ”ლაით ჯგუფის” წარმომადგენლებმა – დაიკავეს, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს ადგილი იჯარით აქვთ აღებული კომპანია ”პროპერტი მენეჯმენტისგან.”  ადვოკატი ეკა ბესელია კი ამტკიცებს, რომ როსტომ მეფის სასახლე მთლიანად ”ახალ კაპიტალს” ეკუთვნის და ფართის ნაწილი არ გაუსხვისებიათ და არც იჯარით გაუციათ. 29 ოქტომბერს, როცა ფაქტი მოხდა, ივანიშვილის ადვოკატებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, რათა შენობაში შეჭრილი ადამიანები გამოესახლებინათ, თუმცა სამართალდამცავებმა განუცხადეს, რომ ეს მათი კომპეტენცია არ იყო.

ამის გამო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა მიმართეს როგორც შსს-ს, ისე მთავარ პროკურატურას რეაგირების თხოვნით, თუმცა, უშედეგოდ.

”ლაით ჯგუფის” გამოსახლების მიზნით ”ქართუ ჯგუფში” შემავალმა ”ახალმა კაპიტალმა” თბილისის საქალაქო სასამართლოსაც მიმართა. საქმის განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა და ”ქართული ოცნების” კოორდინატორებმა პრობლემების გაცნობის შემდეგ დიპლომატებს როსტომ მეფის სასახლის ყველა სართული და მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერებინეს იმის დასტურად, რომ შენობაში ყველანაირი მშენებლობა დასრულებულია და ექსპლუატაციაში მისაღებად მზად არის.

დიპლომატებს ჟურნალისტებტან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ვიდეო: ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური

ამავე თემაზე:

როსტომ მეფის სასახლის საქმე სასამართლოში

მასალების გადაბეჭდვის წესი