ახალი ამბები

საქართველოს საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩავიდა

17 ივნისი, 2016 • 1179
საქართველოს საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩავიდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩავიდა, სადაც სავარაუდო დაზარალებულებისგან ინფორმაციას მიიღებს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დელეგაციის წევრები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორ გრისლენ გეზენგეს შეხვდნენ, რომელმაც საქართველოს დელეგაციას გამოძიების ადგილზე წარმართვისთვის სრული მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც საგამოძიებო საქმიანობის ადგილზე ჩატარებით დაინტერესდა.

„მნიშვნელოვანი იქნება, სავარაუდო მსხვერპლს შევხვდეთ. ეს საკითხი ჩვენც ისევე გვაღელვებს, როგორც თქვენ“ – განაცხადა გრისლენ გეზენგემ, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით. 

მხარეებმა ტექნიკური დეტალები გაიარეს და შეთანხმდნენ, რომ საგამოძიებო საქმიანობა სავარაუდო დაზარალებულებთან გამოკითხვის, ფოტოსურათებით ამოცნობისა და ჩვენების ადგილზე შემოწმებით წარიმართება.

სამინისტროს ცნობით, საქართველოს საგამოძიებო ჯგუფმა შეხვედრა  ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან- გაეროს ბავშვთა ფონდის (UNISEF), ქალ იურისტთა ასოციაციისა და ორგანიზაცია „ტაიდის“ მდგრადი განვითარების ცენტრის წარმომადგენლებთან გამართა.

სამინისტროს ცნობით, ქართულმა მხარემ აფრიკული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ქართული კანონმდებლობა გააცნო. მხარეებმა საერთაშორისო სამართლის ნორმებიც განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ შესაძლო დაზარალებულების დაკითხვის პროცესი ბავშვთა უფლებების სრული დაცვითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდებოდა.

ქართულმა მხარემ აფრიკელ არასამთავრობოებს გარანტია მისცა, რომ შესაძლო დაზარალებულების დაკითხვის პროცესი მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში ჩაივლის, აცხადებს სამინისტრო.

ქართულმა მხარემ ბანგიში გაეროს მისიის წარმომადგენლებთანაც შეხვედრა გამართა და ადგილზე ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების გეგმა გააცნო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები გაეროს მისიისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წინასწარ შერჩეულ სპეციალურ ადგილზე ჩატარდება, რომელიც დაზარალებულთა კანონიერი ინტერესების მაქსიმალურ დაცვას ითვალისწინებს.

საგამოძიებო ჯგუფი 2016 წლის ივნისში შეიქმნა. მასში შედიან თავდაცვის უწყების სამხედრო პოლიციის, გენერალური ინსპექციის, ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის, საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დეპარტამენტების წარმომადგენლები,  ასევე, საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი და დამოუკიდებელი ექსპერტი.

იანვარში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა განცხადა, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები 3 გოგონა საქართველოს მოქალაქე ჯარისკაცებს სექსუალურ ექსპლუატაციაში ადანაშაულებს.

კომისრის თქმით, გაუპატიურების სავარაუდო დანაშაულს ძირითადად 2014 წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი.

ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიაში  ფარგლებში 2014 წლის ივნისიდან მონაწილეობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი