ივლისის დასაწყისში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს ეწვევა – ამის ესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინირსტრის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ამ განცხადებაში არის ნათქვამი ვიზიტის დეტალებზე გიორგი კვირიკაშვილმა და მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 16 ივნისს, პრემიერის გერმანიაში ვიზიტისას გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
მათივე ცნობით, საუბრის დასასრულს ითქვა, რომ საქართველოსა და გერმანიის საგარეო უწყებებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2017 წელი საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად გამოცხადდეს.
“შეხვედრის მთავარი თემა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხები იყო. ხაზი გაესვა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და ამ პროცესში გერმანიის მხარდამჭერ როლს.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, გერმანიის საგარეო უწყება მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აღიარებს ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონის უსაფრთხოების თემებზე, განიხილეს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული სიტუაცია. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გერმანიის, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის როლს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ეუთო აქტიურად არის ჩართული კონფლიქტების მოგვარებაში, არის თანათავმჯდომარე ჟენევის მოლაპარაკებების და აქედან გამომდინარე, გერმანიის, როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარის სიტყვა და ქმედებები არის ძალიან მნიშვნელოვანი.
გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრის თქმით, გერმანია მიესალმება საქართველოს მთავრობის მიდგომას, აწარმოოს კონსტრუქციული პოლიტიკა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით,”- ვკითხულობთ განცხადებაში.
შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლადო ჭანტურია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.