ახალი ამბები

პრეზიდენტი: რუსთავში პროგრესი ხელშესახებია

22 იანვარი, 2012 • 1344
პრეზიდენტი: რუსთავში პროგრესი ხელშესახებია

“ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, აქ მოსვლა კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც ვთხოვე.

დღეს საშუალება მქონდა, რუსთავის სხვადასხვა ადგილები მომევლო და უდიდესი ოპტიმიზმის გრძნობა დამეუფლა.

ქალაქი, რომელიც, პრაქტიკულად, უიმედოდ ითვლებოდა  არა მხოლოდ ვარდების რევოლუციის შემდეგ, არამედ 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდშიც, ჩვენ თვალწინ ცოცხლდება და მართლაც საინტერესო ადგილი ხდება.

ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან რუსთავში რამდენიმე ჩემი მეგობარი იყო ჩამოსული, განცვიფრებული წავიდნენ აქედან. შესაძლოა მათი  შთაბეჭდილება ცოტა ზედაპირული იყო, მაგრამ პროგრესი აშკარად შეიმჩნევა – ფასადები შეღებილია, გზები ყველა მიმართულებით კარგად გაკეთდა, განათებები დამონტაჟდა,  ახალი ნაგებობები აშენდა…

ყოველივე ამისთვის სერიოზული სამუშაო შესრულდა და ეს სერიოზული ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროგრესის წყალობით მოხდა.

ქალაქში, სადაც მოსახლეობას წყალი დღე-ღამის განმავლობაში 2 საათით მიეწოდებოდა, მთელ რიგ შემთხვევებში კი ორ-სამ დღეში ერთხელ ჰქონდათ, ახლა თითქმის ყველგან  24– საათიანი გრაფიკი მოქმედებს. ეს არის წარმოუდგენლად დიდი პროგრესი.

საქართველოს არც ერთ სხვა ადგილზე მსგავსი პროგრესი დროის ასეთ მოკლე პერიოდში არ მიღწეულა.

ქალაქში, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი 30-40 პროცენტამდე იყო, ამ მხრივაც პროგრესი გვაქვს. ამას წინათ, თუ არ ვცდები, შვეიცარიის განვითარების სააგენტომ ჩაატარა კვლევა და შედეგების მიხედვით უმუშევრობის ეს მაჩვენებელი, ბოლო კვლევის მიხედვით, 10 პროცენტამდე ჩამოვიდა.

ეს მართლაც ძალიან დიდი პროგრესია.

ქალაქში, რომლის მოსახლეობა 100 ათასზე ოდნავ მეტია, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში 15-20 ათასამდე სამუშაო ადგილი შეიქმნა. ერთი მხრივ, ეს არის შედეგი, რომლითაც შეგვიძლია, გარკვეულწილად, კმაყოფილიც ვიყოთ.

დღეს რუსთავის რამდენიმე უბანსა და ეზოში მოსახლეობას შევხვდი და განსაკუთრებით ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლების გასაგონად მინდა ვთქვა – გამიჩნდა განცდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს და უფრო მეტად უნდა იკონტაქტოს ხალხთან, თითოეული ადამიანის დონეზე.

კარგად უნდა განვაზოგადოთ, რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში – აქ ბევრად მეტი გაკეთდა, ვიდრე წარმოგვედგინა, მაგრამ რაც უფრო მეტი კეთდება, მით უფრო კარგად ჩანს, რამდენი რამ არის გასაკეთებელი.

თუმცა უნდა ითქვას, რომ პროგრესი აქ უკვე ხელშესახებია, რაც იმას ნიშნავს, რომ სერიოზული ნახტომის გაკეთებაც შეიძლება წინ,”–განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 21 იანვარს, რუსთავის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი