ახალი ამბებისაზოგადოება

გერმანიამ და საქართველომ განათლების სფეროში თანამშრომლობაზე მემორანდუმს ხელი მოაწერეს

15 ივნისი, 2016 •
გერმანიამ და საქართველომ განათლების სფეროში თანამშრომლობაზე მემორანდუმს ხელი მოაწერეს

დღეს, 15 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის განათლებისა და კვლევების ფედერალური სამინისტროს შორის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, რაც პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

საქართველოს მთავრობის ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს პროფესიონალების გაცვლას კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით; ორი ქვეყნის საგანმანათლებლო ინსტიტუტების დამეგობრებას საქართველოში დუალური განათლების დანერგვის მხარდასაჭერად; სტუდენტთა და მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას; ერთობლივი სემინარების, კონფერენციების მოწყობას გამოცდილების გაზიარების  მიზნით.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა მინისტრმა იოჰანა ვანკამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურ მინისტრს, იოჰანა ვანკას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა წარუდგინა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.

მთავრობის ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები და ხაზი გაუსვეს ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი