ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო: დაღუპულ სამხედროებს შორის ქართველი ჯარისკაცები არ არიან

20 იანვარი, 2012 • • 1003
თავდაცვის სამინისტრო: დაღუპულ სამხედროებს შორის ქართველი ჯარისკაცები არ არიან

ავღანეთის სამხრეთით ნატოს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულ ჯარისკაცებს შორის ქართველები არ არიან. აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა სალომე მახარაძემ განუცხადა.

“როგორც კი რამეა, იცით, რომ ვდებთ ჩვენს ვებ–გვერდზე წამიერად,” – აღნიშნა მახარაძემ.

ავღანეთის სამხრეთით ნატოს ვერტმფრენის ჩამოვარდნას კოალიციის 6 ჯარისკაცი ემსხვერპლა. “ბი ბი სის” ინფორმაციით,  ISAF გარდაცვლილთა ეროვნებას და ვინაობას ამ დრომდე არ აკონკრეტებს.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზები უცნობია. ჩრდილო–ატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელთა განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს ჩამოვარდნის მიზეზების დასადგენად, თუმცა, ისინი აღნიშნავენ, რომ ჩამოვარდნის ადგილზე ამბოხებულთა მოქმედებები არ შეინიშნებოდა.

ცნობისთვის, ნატოს კოალიციური ძალების ვერტმფრენმა მასშტაბური კატასტროფა ავღანეთში 2011 წლის აგვისტოში განიცადა, რომლის შედეგად 30 სამხედრო დაიღუპა, მათ შორის 22 აშშ–ის ის სპეცრაზმელი იყო, რომლებმაც 2 მაისს პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში ნომერ პირველი ტერორისტის ოსამა ბენ ლადენის ლიკვიდაციის სპეც–ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა.

ვერტმფრენის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა მაშინ მოძრაობა “თალიბანმა” აიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი