ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

უვადო პატიმარი, რომელიც ბაქოში ჩადენილი მკვლელობის გამო სასჯელს იხდიდა, გაათავისუფლეს

15 ივნისი, 2016 • 1481
უვადო პატიმარი, რომელიც ბაქოში ჩადენილი მკვლელობის გამო სასჯელს იხდიდა, გაათავისუფლეს

საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული გიორგი გელაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა.

გელაძის საქმეზე სახალხო დამცველმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს 2015 წლის 26 ოქტომბერს კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპის დარღვევის გამო წინადადებით მიმართა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებდა და, შესაბამისად, კანონის უკუძალის პრინციპის აკრძალვის დარღვევით გიორგი გელაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

საქართველოს მოქალაქე გიორგი გელაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა ბაქოს საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 7 ივლისის განაჩენით 1997 წლის 28–29 იანვარს ჩადენილი ქმედების გამო (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) შეეფარდა.

2010 წლის 23 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მისი სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში გადმოყვანის თაობაზე.

ომბუდსმენის აპარატის ცნობითვე, მაშინ ამავე განჩინებაში თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაქოს საქალაქო სასამართლოს განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მუხლებთან შესაბამისობაში მოიყვანა და გიორგი გელაძეს სასჯელის სახით კვლავ უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 25 მარტის განაჩენით არ დააკმაყოფილა გიორგი გელაძის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების საფუძველზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2016 წლის 6 ივნისის განაჩენით დააკმაყოფილა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი და განმარტა, რომ ვინაიდან გიორგი გელაძის მიერ დანაშაულის ჩადენისას მოქმედი კანონმდებლობა სანქციის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებდა, მას უნდა შეეცვალოს უვადო თავისუფლების აღკვეთა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით“, რაც თანხვედრაში იყო სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან.

შესაბამისად, მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი