ახალი ამბები

პატრიარქის მიმართვა ნათლულებს

19 იანვარი, 2012 • 2150
პატრიარქის მიმართვა ნათლულებს
დღეს 560 ბავშვი მოინათლება, ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვა-ლოცვაზე განაცხადა. მისივე თქმით, მას უკვე 11 000 ნათლული ჰყავს.

ნათლობა 17:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი პატრიარქმა თავისი ნათლულებისადმი მიმართვა გაავრცელა, სადაც მათ დარიგებები მისცა.

ილია მეორე ნათლულებს მოუწოდებს მშობლების პატივისცემისაკენ:

”აი, ერთ-ერთი გზა ბედნიერებისაკენ, მაშ, გიყვარდეს მშობლები შენი, დაემორჩილე და პატივი ეცი მათ, ყოველდღე თხოვე დალოცვა და ემთხვიე ხელზე და მათი სახით შენ მიიღებ კურთხევას ღვთისას”.

პატრიარქი ნათლულებს მოუწოდებს, გაერიდონ ისეთ მომაკვდინებელ ცოდვებს, როგორებიცაა: ამპარტავნება, ანგარება, სიძვა, მრისხანება, ნაყროვანება, შური, სასოწარკვეთა; მოერიდონ ნარკომანიას, ლოთობას, მრუშობას და ბოროტებას სიკეთით უპასუხონ.

” ხშირად იკითხე ბიბლია, რელიგიური და მხატვრული ლიტერატურა,  იკითხე ისტორიული და  ფილოსოფიური წიგნები, კითხვა შენს აზროვნებას უფრო გააღრმავებს და გაგიადვილებს სიძნელეების გადალახვას,” – ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.

მიმართვაში, ასევე, წერია, რომ ნათლულები არ უნდა გაიტაცოს უცხო ქვეყნის ფსევდოკულტურამ, მაგრამ არც ვიწრო ჩარჩოებში ჩაკეტვა ვარგა:

”იქონიე მოსმენის კულტურა, ნუ იქნები ზედმეტად ლიბერალი ან უხეში ფანატიკოსი, ნურც კატეგორიულად მოაზროვნე, არამედ აირჩიე ოქროს შუალედი!”.

პატრიარქმა ნათლულებს ქართული ენის, ადათ-წესებისა და ისტორიის ღრმად შესწავლისკენაც მოუწოდა. ასევე, ქრისტიანული ოჯახის შექმნისკენ და იმდენი შვილის გაჩენისკენ, რამდენსაც ღმერთი მისცემთ, რომლებიც ღვთის სადიდებლად უნდა აღიზარდონ.

აღნიშნული მიმართვა დაიბეჭდება და პატრიარქის თითოეულ ნათლულს გადაეცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი