რას უნდა ნიშნავდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაუსწრებლობა მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, სად ჩანს, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველო რუსეთის ეკლესიის ორბიტაზე არის. ამ საკითხებზე “ნეტგაზეთი” რომის წმ. თომა აქვინელის სახელობის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტ ირაკლი ცხადაძეს ესაუბრა.
მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დაუსწრებლობა როგორ აისახება საქართველოს ეკლესიაზე? მოიქცევს თუ არა თავს იზოლაციაში, თუ კი, რატომ? რატომ არის ამდენად მნიშვნელოვანი ამ კრებაში მონაწილეობა?
კრების ორგანიზება ნამდვილად არ დაწყებულა გუშინ, ამის საფუძველი 1961 წელს შეიქმნა. თუმცა, როგორც იცით, ბოლო მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელსაც მართლმადიდებელი სამყარო ასეთად მოიხსენიებს, მერვე საუკუნეში ჩატარდა. შუასაუკუნეებში მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იწვევდა კრებებს, რომელსაც შეიძლება საერთო მართლმადიდებლური კრება ვუწოდოთ, მათ შორის იყო, როგორც მახსოვს, 1593 წელს გამართული შეკრება კონსტანტინოპოლში, რომელმაც რუსეთის მართლმადიდებელი საპატრიარქო დაამტკიცა. მაგრამ 2016 წელს კრეტაზე დაგეგმილი კრება თვისი მნიშვნელობით ყველაზე დიდი და მასშტაბური უნდა იყოს, რომელიც ეკლესიის წინაშე არსებულ პრობლემურ საკითხებს განიხილავს და პასუხს გასცემს თანამედროვეობის გამოწვევებს. მსგავსი მასშტაბის კრების ორგანიზება, რა თქმა უნდა, დიდ თეოლოგიურ მზაობასაც საჭიროებს.
როდესაც კრების მნიშვნელობაზე ვფიქრობ, სხვა ყველა არგუმენტი რომ დავივიწყოთ, ალბათ, ყველაზე მთავარი ეკლესიოლოგიური ხედვა იქნება – საერთო მართლმადიდებელი კრება – ეს არის ერთობის გამოხატულება, რომელიც შლის კულტურულ და ეთნონაციონალურ განსხვავებებს და აჩვენებს, რომ მართლმადიდებელი სამყარო ერთობაში წარმოადგენს ერთ მთლიან ეკლესიას.
აქედან გამომდინარე, თუ მსოფლიო საეკლესიო კრება არის მართლმადიდებელი სამყაროს ერთობის მაჩვენებელი და თუ ამ ერთობაში, სამწუხაროდ, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი თავის თავს ვეღარ ხედავს, რომელ გზას ირჩევს იგი?
როგორც ცნობილია, კრებას ასევე არ დაესწრება რუსეთის, ბულგარეთის ეკლესიები, სერბეთის ეკლესიაც მხარს არ უჭერს კრების ჩატარებას. იზოლაციაში რატომ დარჩება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, თუ სხვა ეკლესიებიც მისი თანამოაზრეები იქნებიან?
არავისთვის არის საიდუმლო, რომ რუსეთის ეკლესია უკვე დიდი ხანია ცდილობს თავისი ავტორიტეტისა და გავლენების გაზრდას მართლმადიდებელ სამყაროში და ბევრი მოსაზრებაა იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ რუსეთის საპატრიარქოს აქტიურობის შედეგია კრეტის მსოფლიო კრების დისკრედიტება. ჩემთვის ცალსახად დგას საკითხი – თუ საქართველოს ეკლესია რუსეთის საპატრიარქოს სატელიტების რიგში დგას, ეს მის სრულ იზოლაციას ნიშნავს.
საპატრიარქოსა და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების დაუსწრებლობის შემთხვევაში, რამდენად ლეგიტიმური იქნება კრების გადაწყვეტილება? და ზოგადად, როგორ აისახება ეს საკითხი მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაზე სამომავალოდ; უფრო მეტ განხეთქილებას ხომ არ წარმოშობს?
ვფიქრობ, რომ წმინდა და დიდი კრების დადგენილების ლეგიტიმაციის საკითხი ნამდვილად არ დგას. შეიძლება ვისაუბროთ, რამდენად ლეგიტიმური და არგუმენტირებული იყო საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილება – უარი ეთქვა კრებაში მონაწილეობაზე. წარმოშობს თუ არა მეტ განხეთქილებას? წინასწარ პროგნოზების გაკეთება ცოტა რთულია, ალბათ, უნდა დაველოდოთ კრების გახსნას და მის დასრულებას.
როდესაც საუბრობენ კრებაზე დაუსწრებლობის რუსულ გავლენებზე, რაში ჩანს პრორუსულობა ამ ეკლესიების ქმედებებში და რა მიზანი აქვს/რატომ არ უნდა სურდეს რუსეთის ეკლესიას მისი და სხვა ეკლესიების არდასწრებაც?
რუსეთის საპატრიარქო უკვე დიდი ხანია ცდილობს დაამკვიდროს მოსაზრება, რომ მართლმადიდებელი სამყარო მასზე დგას და სწორედ რუსეთის ეკლესია წარმოადგენს ქრისტიანობის ცენტრს. აღარ ვისაუბრებ იმპერიულ მოდელებზე, კონსტანტინე, პეტრე დიდისა და პუტინის რუსეთზე, სადაც ეკლესია პუტინის იმპერიალისტურ ხედვებში უმნიშვნელოვანეს და შეუცვლელ მოკავშირეს წარმოადგენს.
მართლმადიდებელობა ხაზს უსვამს თავის ორთოდოქსულობას, რომ არ გადაუხვევია ჭეშმარიტებისგან. რამდენად არის მის არსებაში ცვლილების მომენტი ჩადებული, იქნებ ის აღარ იქნება მართლმადიდებელი ეკლესია, თუკი ის შეიცვლება?
სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესია შეიძლება ხაზს უსვამდეს თავის ორთოდოქსულობას და ეკლესია, როგორც ნებისმიერი სხვა ინსტიტუცია, ძალიან რთულად განიცდის განახლებას და პროგრესს, მაგრამ ქრისტიანობა ნამდვილად არ არის კონსერვატორული. თავად ქრისტე წარმოადგენს განახლების წყაროს, სწორედ ქრისტე იყო რევოლუციონერი, რომელმაც მთლიანად შეცვალა პარადიგმა. მისი სწავლება გახლავთ სრულიად ინდივიდუალური, შინაგან რწმენასა და სულიერებაზე დაფუძნებული, სადაც ადგილი არ აქვს კონფორმიზმს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რომ ავიღოთ, თვლით, რომ ის ზუსტად იგივეა და არ შეცვლილა, შორს რომ არ წავიდეთ, თუნდაც მე-19-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან შედარებით? თუ პარალელებს გავავლებთ, აშკარად დავინახავთ განსხვავებებს.
მინდა შევეხოთ ქორწინების თემას, რომელსაც არ ეთანხმება საქართველოს ეკლესია. რატომ შეიძლება იყოს მიუღებელი ეკლესიისთვის მართლმადიდებლების ქორწინების დაშვება არამართლმადიდებლებთან?
9 ივნისს გამოქვეყნდა მართლმადიდებელი თეოლოგების მიმართვა სინოდისადმი, სადაც ისინი მოუწოდებდნენ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს, უარი არ ეთქვა წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობაზე. თქვენთვის საინტერესო საკითხები, ანუ არგუმენტები, თუ რატომ თქვა სინოდმა უარი კრებაში მონაწილეობაზე, აღნიშნულ წერილში დეტალურად არის განხილული. ვეცდები, ძალიან მოკლედ გიპასუხოთ: – სინოდის ხედვით დოკუმენტი „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები” უნდა ჩასწორდეს, კერძოდ – მუხლში უნდა დარჩეს ტექსტის პირველი ნაწილი, სადაც წერია: „ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება“, ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილი – თუმცა შესაძლებელია იკურთხოს შემწყნარებლობითა და კაცთმოყვარეობით, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვები მოინათლებიან და აღიზრდებიან მართლმადიდებელ ეკლესიაში“, უნდა იქნას ამოღებული. ვფიქრობ, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ეკლესიის ეთნო-ნაციონალური ხედვის ანარეკლია.
საპატრიარქოს აქვე არგუმენტად მოჰყავს ის, რომ მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების 72-ე კანონის მიხედვით, კრების მიერ დადგენილ კანონს არ შეიძლება დაუპირისპირდეს, შეცვალოს ან გააუქმოს სხვა კრების მიერ დადგენილი კანონი. რამდენად მისაღებია ასეთი არგუმენტი?
თუ გაეცანით სინოდის დადგენილების ოქმს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფორმულირება – “საყოველთაოდ ცნობილია, რომ არც ერთ კრებას არ შეუძლია დაუპირისპირდეს, გააუქმოს ან შეცვალოს მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ დადგენილი ნებისმიერი კანონი”, საკითხის ასე დასმა არასწორია, რადგან, როგორც ვიცით, დაუშვებელია მხოლოდ დოგმატური დადგენილების შეცვლა, ხოლო დისციპლინული და სხვა სახის კანონები შეიძლება შეიცვალოს.
დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ ჩანაწერს, სადაც საუბარია “სხვა სახის დისკრიმინაციაზე”, საპატრიარქო არ ეთანხმება. ასევე მიიჩნევს, რომ ქორწინების საკითხს უნდა დაემატოს ერთი და იმავე სქესის წყვილებს შორის ქორწინებისა თუ სხვა სახის თანაცხოვრების მიუღებლობა. ამ საკითხების ხაზგასმის შეფასებისას, რა შეიძლება ითქვას საპატრიარქოს მოთხოვნებზე?
ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია დაუშვებელია. სწორედ დისკრიმინაციის მიუღებლობა შეადგენს დემოკრატიული ღირებულებების მქონე სახელმწიფოს მოწყობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საყრდენს და პრინციპს. რელიგია, მით უმეტეს, არ უნდა იყოს გამოყენებული როგორც დისკრიმინაციის წყარო, რადგან ეკლესია უნდა აერთიანებდეს თავის თავში და სივრცეს უნდა აძლევდეს განსხვავებულს. არჩევანი ჩვენზეა. მაგრამ ნურავინ მოიტყუებს თავს, რომ ქრისტიანობა სიყვარულის გარეშე არსებობს – “წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ” (კორინთ. I, 1.13) .
