ახალი ამბები

დარჩიაშვილი: ობამა “რესპუბლიკელებს” დაანახებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობა გამტკიცდება

18 იანვარი, 2012 • • 1269
დარჩიაშვილი: ობამა  “რესპუბლიკელებს” დაანახებს, რომ  საქართველოსთან ურთიერთობა გამტკიცდება

“აშშ–ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს   შორის შეხვედრა პირველ რიგში მიეძღვნება სტრატეგიულ, გეო–პოლიტიკურ საკითხებს. ჩემი შეფასებით, განიხილება საქართველოს მდგომარეობა და ადგილი მსოფლიოში, ასევე, საქართველოს წინააღმდეგ არსებული გამოწვევები. რა შეუძლია გააკეთოს ამერიკას ამის წინააღმდეგ, ეს არის მთავარი თემა. ეს არ არის მარტო საქართველოს ინტერესი, ეს აშშ–ის ინტერესიცაა და ამის დამტკიცება შეიძლება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით. რადგან ასეთი ქარტია არსებობს, ესე იგი ეს არის ორმხრივი ინტერესი,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა, დავით დარჩიაშვილმა.

მისივე განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ რეალობაზეც.

“განხილვის მეორე საკითხი, რა თქმა უნდა, არის იმ საკითხის განხილვა, რაც ქვეყნის შიგნით პოლიტიკური თვალსაზრისით ვითარდება. ხვალ, ზეგ, რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რას ელოდებით, როგორ ჩატარდება არჩევნები, ესეც არის და იქნება შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა. მაგრამ ეს და ზემოთ ხსენებული საკითხი ერთმანეთთან კავშირშია, იმიტომ, რომ შეერთებული შტატები საქართველოს განიხილავს სტრატეგიულ პარტნიორად და იმიტომ განიხილავს, რომ საქართველოში არის ხელისუფლება, რომელსაც აშშ თვლის თავის სტრატეგიულ პარტნიორად. წინააღმდეგ შემთხვევაში შტატებისთვის არ იქნებოდა საქართველო პარტნიორი,” – აღნიშნავს დარჩიაშვილი.

დარჩიაშვილი ყურადღებას ამერიკაში არსებულ შიდაპოლიტიკურ კონიუქტურაზეც ამახვილებს და აღნიშნავს, რომ ცხადია, ობამა კიდევ ერთხელ დააფიქსირებს და “რესპუბლიკელებს” დაანახებს, რომ  საქართველოსთან ურთიერთობა უფრო გამტკიცდება. ასევე, მიხარია, როდესაც საქართველოსთან ურთიერთობები საინტერესოა როგორც რესპუბლიკელებისთვის, ისე დემოკრატებისთვის.

“ცხადია, ამ შეხვედრაზე საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობასაც გაესმება ხაზი. საუბარი იქნება ჩრდილო–ატლანტიკურ ალიანსზე და 2012 წლის ჩიკაგოს სამიტზეც. მე ვერ გეტყვით, როგორი ფორმულირებები იქნება ნატოს სამიტისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სერიოზული ნაბიჯი იქნება გადადგმული საქართველოს ინტეგრაციის სასარგებლოდ,” – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი