ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

Freedom House ბაქოში ჩასულ “ფორმულა-1”-ის სტუმრებს აზერბაიჯანში რეპრესიებს ახსენებს

14 ივნისი, 2016 • 1434
Freedom House ბაქოში ჩასულ “ფორმულა-1”-ის სტუმრებს აზერბაიჯანში რეპრესიებს ახსენებს

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Freedom House-მა ბაქოში ჩასულ  “ფორმულა-1”-ის სტუმრებს მოუწოდა, არ დაივიწყონ რეპრესიები და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აზერბაიჯანში არსებული მდგომარეობა.

“აზერბაიჯანის მთავრობა ისეთი სპორტული ღონისძიებების გამართვით, როგორიცაა “ფორმულა 1″, თანამედროვე ქვეყნისა და მისი ხელისუფლების ჰუმანურობის წარმოჩენას ცდილობს”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში და აქვე ნათქვამია, რომ ეს ყველაფერი ხდება ქვეყანაში მოქალაქეების ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვისა და ოპოზიციის ხმების ჩახშობის ფონზე, როდესაც ქვეყანაში 80-ზე მეტი პოლიტიკური აქტივისტი, უფლებამდამცველი და ჟურნალისტი იყო ხელისუფლების რეპრესიების მსხვერპლი.

ორგანიზაცია მოუწოდებს საერთაშორისო სტუმრებს, ჟურნალისტებს, სპონსორებს, ყურადღება მიაქციონ მთელი ამ სიბრწყინვალის უკან არსებულ რეპრესიულ პოლიტიკას.

17-19 ივნისს ბაქოში ფორმულა-1-ის ევროპის გრან-პრი პირველად ჩატარდება.

ფართომასშტაბიანი სპორტული ღონისძიებების გამართვა აზერბაიჯანის დედაქალაქისთვის სიახლე არ არის. ბოლო წლებში ბაქომ მოასწრო ემასპინძლა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებისთვის ორთაბრძოლაში, ტაიკვადოში, მხატვრულ ტანვარჯიშში. ყველაზე დიდი მასშტაბის ღონისძიება კი პირველი ევროპული თამაშები გახდა, რომელიც ბაქოში 2015 წლის ივნისში ჩატარდა. ამასთან, სწორედ ბოლო წლებში ჰყავს აზერბაიჯანს ყველაზე დიდი რაოდენობით პატიმარი, რომლებიც საერთაშორისო ორანიზაციებისა და უფლებადამცველების მიერ პოლიტპატიმრებად მიიჩნევიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი