ახალი ამბები

აქცია გიგანტომანიის წინააღმდეგ

17 იანვარი, 2012 • 1377
აქცია გიგანტომანიის წინააღმდეგ

დღეს რუსთაველის მეტროს წინ “საქართველოს კონსერვატიული პარტიის წევრმა” წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა და Green Peace-ის მხარდამჭერთა ჯგუფმა აქცია–ბრიფინგი გამართეს.

ბრიფინგი გიგანტური ჰესების მშენებლობას და იმ პრობლემებს შეეხებოდა, რაც ჰესების აშენებას მოჰყვება.

აქციის მიზანი მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების გარდა ხელმოწერების შეგროვებაც იყო, რომლის საფუძველზეც მომავალში აქციის ორგანიზატორები საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ და შესაძლოა სასამართლოშიც იჩივლონ.

ჯგუფის მიზანია, ასევე, ორგანიზაცია Green Peace-ის დაინტერესება და საქმეში ჩართვა, რადგან Green Peace-ის ოფიციალური წარმომადგენლობა ჯერჯერობით საქართველოში არ არის.

“დღევანდელი ღონისძიება მიეძღვნა იმ კამპანიას, რომელსაც ვაწარმოებთ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად კამპანიის “უსაფრთხო ენერგეტიკისა და გარემოსათვის” ფარგლებში. ამ კამპანიის ერთ–ერთი მიზანია ბრძოლა იმ გიგანტომანიის გამოვლინებებთან დაკავშირებით, რომელიც გამოიხატება გიგანტური ჰესების მშენებლობის ბუმით. საუბარია ხუდონჰესზე, ონის ჰესების კასკადზე და ა.შ.”, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ დაიტბორება სხვადასხვა ტერიტორიები, ჰესების მშენებლობის შედეგად საქართველოს მდინარეებს გაქრობა ემუქრებათ.

“თერგის გაქრობის პროცესი უკვე დაწყებულია, კასკადი შენდება და 8 კილომეტრი შეიძლება სულ მალე გვირაბში აღმოჩნდეს”, – ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი, ის იმ პროექტსაც შეეხო, რომელიც მტკვრის საქართველოში შემოდინებას ეხება:

“ეს პროექტი უკვე გაჟღერდა და ხელისუფლებაც არ უარყოფს, რომ თურქეთს აქვს ასეთი განზრახვა. ჩვენმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ჰესების მშენებლობით ძალიან დიდი ფული იშოვნოს, სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებებთან ერთად, მდინარე მტკვრის შემთხვევაში– თურქეთთან, ხოლო ხუდონჰესის შემთხვევაში– რუსეთთან ერთად, მოსახლეობის მოგება კი აქედან არანაირი არ იქნება.”

როგორც ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, ხელმოწერების შეგროვება ახლა არ დაწყებულა და თუკი საჭირო იქნება, მოსახლეობას კარზეც მიუკაკუნებენ, რადგან ეს ის ღირებულებებია, რომელთაც თუ ახლა არ მივაქცევთ ყურადღებას, რამდენი მთავრობაც გინდა შეიცვალოს, აღარაფერი ეშვლება.

აქციის ერთ–ერთი მონაწილე ზაზა შენგელაია, რომელმაც მხარდაჭერა ხელმოწერით დააფიქსირა, აცხადებს, რომ არც ერთი ტერიტორიის დაკარგვა არ ღირს ჰესების აშენების ხარჯზე:

“მე არ ვარ პროფესიონალი, მაგრამ ვხვდები, რომ ეს მშენებლობები ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასი შეიძლება იყოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ სეისმურ ზონაში ვცხოვრობთ და თუ რამე მოხდა ერთხელაც, შეიძლება წყალმა წაიღოს მთელი დასავლეთ საქართველო. ხალხი იქ ცხოვრობს, საფლავები და სიწმინდეები აქვთ, საკთხავია, მოგვიტანს თუ არა მოგებას პროექტი, მაგრამ რომც მოგვიტანოს, ღირს კი ის მოგება ამად?! დღეს მთელი მსოფლიო გადასულია ალტერნატიულ ენერგეტიკულ წყაროებზე, იყენებენ ქარის და მზის ენერგიას, ჩვენთან კი ამას ყურადღება არ ექცევა”

ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, მსოფლიომ უარი თქვა დიდი ჰესების მშენებლობაზე, რადგან დიდი ჰესის აშენებას დიდი საფრთხეებიც ახლავს თან. მსოფლიო პრაქტიკასთან დაკავშირებით საუბრობს ასოციაცია “მწვანე ალტერნატივას” წევრი მანანა ქოჩლაშვილი:

“არსებობს მსოფლიო კაშხლების კომისია, რომელმაც შეიმუშავა წესები, თუ როგორ უნდა  განახორციელონ მთავრობებმა კაშხლების მშენებლობა. აუცილებელია სტრატეგიული გეგმის შემუშავება თანამონაწილეობის პრინციპით, უნდა მოხდეს ქვეყანაში არსებული ყველა რესურსის შეფასება, სხვადასხვა სცენარების განვითარება და ყველაზე ოპტიმალურის არჩევა”

მისივე განმარტებით, მშენებლობის დაწყებამდე დასაბუთებული უნდა იყოს, რომ ამა თუ იმ ტერიტორიაზე დიდი ჰესის მშენებლობა აუცილებელია, “ჩვენთან ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ არის გათვალისწინებული. როდესაც 50 ჰესს ერთდროულად აშენებ, რაზეა საერთოდ ლაპარაკი”, – აცხადებს მანანა ქოჩლაშვილი.

მწვანე ალტერნატივაში განმარტავენ, რომ ჰესების მშენებლობას, გარდა იმისა, რომ მომენტალური საფრთხეები ახლავს თან, როგორებიცაა: ხალხის გადასახლება, ტერიტორიების და ტყის დატბორვა, კულტურული მემკვიდრეობის დაძირვა, ასევე, გრძელვადიან საფრთხეებთანაც გვაქვს საქმე. ასეთია კლიმატის ცვლილება, რაც საბოლოო ჯამში ხალხის ჯანმრთელობაზე აისახება.

მასალების გადაბეჭდვის წესი