ახალი ამბები

სარეაბილიტაციო ცენტრი დათვებისთვის

17 იანვარი, 2012 • 1316
სარეაბილიტაციო ცენტრი დათვებისთვის

დათვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი უკრაინაში, ნაციონალური პარკის, “სინევირის” ტერიტორიაზე გაიხსნა. უახლოეს მომავალში იქ 30 –მდე დათვი იცხოვრებს, რომლებიც დღეს არასახარბიელო პირობებში იმყოფებიან.

ჯერჯერობით, ცენტრში სამი დათვია გადაყვანილი. თუმცა პოტენციური კანდიდატების სია უკვე შედგენილია. თუ მათი მფლობელები დათვების სარეაბილიტაციო ცენტრში გადაყვანაზე უარს განაცხადებენ, დათვებს მათი ნებართვის გარეშე მაინც გადაიყვანენ.

ამ დროისთვის ზოგიერთი დათვი ცენტრში პოლიციის ჩარევით არის გადაყვანილი.

ახალ პირობებს ცხოველები თანდათანობით ეგუებიან. ცენტრში მცირე გალიების ნაცვლად დიდ ვოლიერებში უწევთ ცხოვრება.

პირველად მათი გამოყვანა მცირე, ყრუ კედლებიანი და ბეტონის იატაკიანი გალიებიდან ცენტრის თანამშრომლებს გაუჭირდათ. ზოგ შემთხვევაში დათვების გამოყვანის დროს  თაფლიც გამოიყენეს.

ცენტრის ტერიტორიაზე ხუთი ხელოვნური ტბაა, სადაც დათვებს ბანაობა შეუძლიათ. არის  ნაკადულები და ჩანჩქერებიც. გაზაფხულზე დათვებისთვის ბუჩქებსა და ხეებს დარგავენ.

იმისთვის, რომ ცხოველები თავშესაფრის გარეთ არ გამოვიდნენ, მათ ელექტრომწყემსი იცავს: ღობე, სადაც დაბალი დენი გადის.

ცხოველების მიმართ სასტიკმა დამოკიდებულებამ უკრაინის ეკოლოგიის სამინისტროს გადააწყვეტინა, სწორედ ასეთი ტიპის სპეციალური ცენტრის მშენებლობა დაეწყოთ.

უკრაინული პრესა ხშირად წერდა იმის შესახებ, რომ არსებობს ადგილები უკრაინაში, სადაც დათვებს ძალიან მძიმე პირობებში პუბლიკისთვის ზრდიან. ცხოველები იტანჯებიან ექვსი–შვიდი მეტრის ვოლიერებში. პრესაში იწერებოდა იმაზეც, რომ არსებობს რესტორნები, სადაც დათვებს ალკოჰოლით აბრუებენ.

“ჩვენ აღვადგენთ მათ ფსიქიკას და ჯანმრთელობას დავუბრუნებთ,”–ამბობს ნაციონალური პარკის დირექტორი.

დათვების კვებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე საერთაშორისო ორგანიზაციამ “ოთხი თათი” აიღო.

სახელმძწიფოს სარეაბილიტაციო ცენტრი დათვებისთვის სულ 3 მილიონი უკრაინული გრივნა (დაახლოებით, 365 ათასი აშშ დოლარი) დაუჯდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი