ახალი ამბები

უღელტეხილზე შემოვლითი რკინიგზა გაკეთდება

16 იანვარი, 2012 • 2748
უღელტეხილზე შემოვლითი რკინიგზა გაკეთდება

დღეიდან საქართველოს რკინიგზა აჩქარდა. მატარებლების მაქსიმალური სიჩქარე 120კმ/საათი ხდება, რაც სამგზავრო დროს მნიშვნელოვნად ამცირებს. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია კი, რომლის განხორციელებაც უკვე ერთი წელია დაიწყო, უღელტეხილზე შემოვლითი რკინიგზის გაყვანასაც გულისხმობს.

დღემდე საქართველოს რკინიგზაზე ქართულ–ჩინური წარმოების VMK ტიპის მატარებლები მოძრაობდა. ამ მატარებლის პროექტი ჩინელმა, ჩეხმა, უკრაინელმა და სხვა სპეციალისტებმა ერთობლივად შეიმუშავეს.

მატარებელი მაქსიმალურად უტოლდება თანამედროვე სტანდარტებს და 120კმ/საათის განვითარებაც შეუძლია, თუმცა, როგორც შ.პ.ს. “საქართველოს რკინიგზის” სამგზავრო გადაყვანების დირექტორის მოადგილე ხარიტონ შალამბერიძე ამბობს, მატარებლებს ამ სიჩქარის განვითარება ცუდი ინფრასტრუქტურის გამო არ შეეძლოთ:

“ეს მატარებლები აქამდეც მოძრაობდნენ ქართულ რკინიგზაზე, უბრალოდ, უფრო დაბალი სიჩქარით. მატარებელს აქვს მაღალი სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობა, მაგრამ ინფრასტრუქტურა არ უწყობდა ხელს, შესაბამისად, ინფრასტრუქტურა მთლიანად უნდა მოეწყოს ისე, რომ მატარებელმა იაროს 120 კმ/სთ სიჩქარით”.

დაახლოებით ერთი წლის წინ პროექტ “სწრაფი რკინიგზის” განხორციელება დაიწყო. პროექტი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებას ისახავს მიზნად.

“სწრაფი რკინიგზის” ფარგლებში სარკინიგზო მაგისტრალი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე გამოიცვლება და თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

პროექტზე ქართველ სპეციალისტებთან ერთად ფრანგული კომპანია “სისტრა” მუშაობს. როგორც “საქართველოს რკინიგზის” ინფრასტრუქტურის დირექტორი გიორგი გურგენიძე ამბობს, პროექტმა რამდენიმე სარგებელი უნდა მოიტანოს:

“საქართველოს რკინიგზა ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ძალიან დიდ სარგებელს მიიღებს, კერძოდ, გაიზრდება გამტარუნარიანობა, შემცირდება მიმდინარე ხარჯები და გადაადგილების დრო, რაც ჩვენს სერვისს უფრო ეფექტიანს გახდის”. მისივე განმარტებით, პროექტი გულისხმობს ბათუმიდან და ფოთიდან თბილისამდე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მთლიან რეაბილიტაციას და შეცვლას:

“ამის შემდეგ იგეგმება ჩვენი ყველაზე უფრო დიდი შემზღუდველი გეოგრაფიული არეალის, უღელტეხილის მონაკვეთის შემოვლითი რკინიგზის აშენება”, – აცხადებს გურგენიძე.

უღელტეხილზე შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა შესაძლოა დასახლებულ ადგილებსაც შეეხოს, თუმცა, გიორგი გურგენიძის განცხადებით, ზუსტი ადგილები ჯერ დადგენილი არაა.

“შესაძლოა იყოს რაღაც ადგილები, სადაც მოსახლეობის განსახლება მოგვიწევს. ასეთ შემთხვევაში სამუშაოები ჩვეულებრივად განხორციელდება და ამ ხალხს დავაკმაყოფილებთ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით”.

გარდა ქართულ–ჩინური წარმოების მატარებლებისა, რომლებმაც რეაბილიტირებული რკინიგზის 100–კილომეტრიან მონაკვეთზე დღეს სრული სისწრაფის განვითარება შეძლეს, საქართველოში სულ მალე სრულიად ახალი, ჩინური მატარებლები შემოვა.

როგორც ხარიტონ შალამბერიძე აცხადებს, ჩინურ მატარებლებს საქართველოში 2012 წლის განმავლობაში შემოიყვანენ:

“არის ასეთი კომპანია GCR, რომელიც აწარმოებს ამ მატარებლებს, შესაბამისად, მომსახურება იქნება ჩქარი, კომფორტული და ხარისხიანი”.

საქართველოში სულ 5 ასეთი ელექტრომატარებელი შემოვა და თბილისიდან კურორტებსა და საქმიან ქალაქებს შორის იმოძრავებს.

პროექტის შედეგად თბილისი–ფოთის მარშრუტის ხანგრძლივობა 4 საათსა და 45 წუთამდე შემცირდება, თბილისი–ბათუმის მონაკვეთის დაფარვას კი 5 საათი და 15 წუთი დასჭირდება. პროექტ “სწრაფი რკინიგზის” საბოლოოდ დასრულების შემდეგ კი, თბილისიდან ბათუმამდე ჩასვლას მხოლოდ  3 საათი დასჭირდება.

ჩინურ კომპანიასთან კონტრაქტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ქართველი სპეციალისტების გადამზადება ჩინელი სპეციალისტების მიერ, იმისათვის, რომ დაზიანების შემთხვევაში ვაგონების საქართველოში შეკეთება მოხერხდეს.

ასევე, იგეგმება ახალი პროექტის “ერთი დღით საქართველოს კურორტებზე” განხორციელება, რამაც მგზავრებს საშუალება უნდა მისცეს, ერთ დღეში მოახერხონ სხვადასხვა კურორტზე გამგზავრება და უკან, თბილისში დაბრუნება.

ამ ეტაპისთვის ბათუმისა და ფოთის მიმართულებით ყოველდღიური, დილის მატარებლები დაინიშნა, რომლებიც უკან იმავე დღეს დაბრუნდებიან.

როგორც “საქართველოს რკინიგზის” ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, “ეს რეისები ადაპტირებულია ქალაქ თბილისის მეტროსა და სხვა საქალაქო ტრანსპორტთან, რომ მატარებლის მგზავრმა პირდაპირ შეძლოს საქალაქო ტრანსპორტზე გადაჯდომა”.

ხარიტონ შალამბერიძის თქმით, ელექტრომატარებლების დანიშვნა ბილეთის ფასზე არ აისახება.

პროექტის დასრულება 2013 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი