ახალი ამბები

კასპის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის უფროსი წვევამდელებისგან ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

11 ივნისი, 2016 • 1210
კასპის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის უფროსი წვევამდელებისგან ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქრთამის აღების ბრალდებით კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სამხედრო აღიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ შაქარაშვილი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული თეიმურაზ შაქარაშვილი კორუფციულ გარიგებაში შევიდა ორ წვევამდელთან, მათგან მოითხოვა და ქრთამის სახით აიღო 800 ლარი.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით,  ერთი მათგანისთვის სამხედრო სამედიცინო კომისიას სანაცვლოდ მიაღებინა დასკვნა სამხედრო სამსახურის გადავადების შესახებ. ხოლო მეორეს შესთავაზა ფსიქიკური პრობლემის ინსცენირება, რაც იქნებოდა სამედიცინო კომისიისთვის საფუძველი გაწვევაზე უარყოფითი დასკვნის გასაცემად.

თეიმურაზ შაქარაშვილმა, მისივე თანდასწრებით წვევამდელს ბასრი საგნით ხელზე მიაყენებინა მრავლობითი ჭრილობა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი