ახალი ამბები

”ალ-ქაიდა” გააქტიურდა

16 იანვარი, 2012 • • 1293
”ალ-ქაიდა” გააქტიურდა

ტერორისტული ორგანიზაცია ”ალ-ქაიდა” იემენში ყოველდღიურად ძლიერდება. გუშინ, ქალაქ რადას აღების შემდეგ, ტერორისტებმა შტურმი ადგილობრივ ციხეზე მიიტანეს , საიდანაც 250-მდე პატიმარი გამოუშვეს. შტურმისას ორი სამართალდამცავი დაიღუპა.

იემენში არეულობის პარალელურად, გაიზარდა უხო ქვეყნის მოქალაქეთა გატაცების ფაქტები. რამდენიმე საათის წინ შეიარაღებულმა პირებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, ”ალ-ქაიდას” ტერორისტები არიან, გაიტაცეს ნორვეგიის მოქალაქე, რომელიც იემენში გაეროს წარმომადგენლობაში მუშაობდა. მისი კოლეგები გატაცებულის გასათავისუფლებლად მუშაობენ, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ.

იემენის დედაქალაქიდან 170 კილომეტრში მდებარე ქალაქი რადა არ არის პირველი ქალაქი, რომელიც ტეროირტებმა ჩაიგდეს ხელში. უკვე რვა თვეა, ”ალ-ქაიდა” მართავს ქვეყნის სამხრეთ რეგიონში არსებულ ქალაქ ზინჯიბარს.

იემენში არეულობა 2011 წლის თებერვალში დაიწყო. ანტისახელისუფლებო გამოსვლებს მოჰყვა დაპირისპირება ქვეყნის სამხედრო ძალებთან. იმენის პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის ბრძანებით, არმიამ ცეცხლი არაერთხელ გაუხსნა მშვიდობიან მანიფესტანტებს.

პოლიტიკური დაძაბულობისა და პროტესტის ძლიერი ტალღის შედეგად, იემენის პრეზიდენტი ალი აბდალა სალეჰი 2011 წლის ნოემბერში თანამდებობიდან იმ პირობით გადადგა, რომ მას და მის გარემოცვას არ გაასამართლებდნენ. იემენის მართვა კოალიციურმა მთავრობამ დაიწყო, თუმცა ამას სიტუაციის სტაბილიზაცია არ მოჰყოლია. ხალხი ამჯერად ყოფილი პრეზიდენტისა და მიის გარემოცვის გასამართლებას ითხოვს.

სამოქალაქო არეულობის შედეგად იემენში გააქტიურდა ტერორისტული ორგანიზაცია ”ალ-ქაიდა.” შექმნილი მდგომარეობას ამერიკული სპეცსამსახურები საშიშად აფასებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი