ახალი ამბები

ქართული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე დასაცავად გადადგმული ნაბიჯები

16 იანვარი, 2012 • • 990
ქართული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე დასაცავად გადადგმული ნაბიჯები

დღეს, 16 იანვარს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) წარმოადგენენ ერთობლივი ინიციატივის შედეგებს, რომელიც ქართული პროდუქციის რეპუტაციის საერთაშორისო ბაზრებზე უკეთ დაცვის მიზნით განხორციელდა.

გაეროს განვითარების პროგრამის პრესსამსახურის ცნობით, UNDP-ის ექსპერტების ხელშეწყობით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა ინსტრუქციები 30 ქართული პროდუქტის – სხვადასხვა სახის ღვინოს, ყველის, რძისა და სხვა საკვები პროდუქტის– გეოგრაფიული და ადგილწარმოშობის დასახელებების დასაცავად.

როგორც UNDP-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გეოგრაფიული და ადგილწარმოშობის დასახელებები გამოიყენება ისეთი პროდუქციისთვის, რომლის მახასიათებლები და ხარისხი პირდაპირ უკავშირდება მის გეოგრაფიულ წარმოშობას. ასეთი პროდუქციის რეპუტაციას არაკეთილსინდისიერი მწარმოებლებისა და ფალსიფიცირებისაგან უნდა იცავდეს ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო შეთანხმებები. გეოგრაფიული და ადგილწარმოშობის დასახელებების არაკეთილსინდისიერი გამოყენება ზიანს აყენებს როგორც მომხმარებელს, ასევე, კანონიერ მწარმოებლებს.

2010 წელს საქართველომ ხელი მოაწერა რამდენიმე საერთაშორისო შეთანხმებას გეოგრაფიული და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ და ევროკავშირთან ორმხრივი შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შემდგომ თითოეული გეოგრაფიული დასახელების დაცვა მოითხოვდა ზედმიწევნით შეფასებას, წარმოების ინსტრუქციების შემუშავებასა და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში რეგისტრირებას.გაეროს განვითარების პროგრამამ სწორედ ამ საკითხებში გაუწია დახმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

UNDP-ის პრესსამსახურის თქმით, გეოგრაფიული და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა გაამარტივებს ქართული პროდუქციის გასვლას საერთაშორისო ბაზარზე, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ექსპორტის სტაბილურ ზრდას და შექმნის მეტი დასაქმებისა და შემოსავლის შესაძლებლობას სოფლის მერნეობის სექტორში.

მასალების გადაბეჭდვის წესი