დღეს, 10 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 მაისს საპატრიარქოსთან დაკავებული 3 ლგბტ აქტივისტის საქმის განხილვა დაასრულა – ისინი ქალაქის იერსახის დამახიჯებისთვის 50-50 ლარით დააჯარიმეს, ხოლო პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლზე საქმის წარმოება შეწყდა.
2016 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს, 6 ლგბტ აქტივისტი და ერთი პირი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეზიდენციის ღობეზე სტენსილების დახატვისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
აქტივისტების ადვოკატების, ნინო ბოლქვაძის და EMC-ის იურისტის, ეთერ გვრიტიშვილის თქმით, აქტივისტებმა არ იცოდნენ, რომ 1 7 მაისს მათ პოლიციელები მისდევდნენ, ამიტომ პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.
რაც შეეხება ქალაქის იერსახის დამახინჯებას, მათი თქმით, მოსამართლეს აქტივისტები სიტყვიერად უნდა გაეფრთხილებინა იმის გამო, რომ აქტივისტებს არ მიეცათ საშუალება, 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საქინააღმდეგო დღეს, აქცია გაემართათ დედაქალაქის მთავარ გამზირზე და ამიტომაც ამ სახით გამოხატეს თავიანთი პროტესტი საპატრიარქოსთან.
სასამართლომ დღეს სამი აქტივისტის საქმის განხილვის დასრულება მოასწრო, ხოლო 20 ივნისს გადადო ორი აქტივისტისა და ერთი პირის საქმის განხილვა. 20 ივნისსაა დანიშნული ასევე მეექვსე აქტივისტის სასამართლო სხდომა.
დღევანდელ სხდომებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ წარმოადგინა სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები, რომლებიც შუქნიშნებზე არის განთავსებული, იმ მიზეზით, რომ 17 მაისს აღნიშნული კამერები ტექნიკური მიზეზების გამო არ მუშაობდა.
ხოლო დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ჩანაწერი იმ კამერებიდან, რომლებიც, როგორც თვითონ აღნიშნავდნენ, იყო თბილისის მერიის საკუთრება. როგორც დაცვის მხარემ განმარტა, თბილისის მერიისგან მიღებული პასუხის მიხედვით, კამერები, რომლებზეც დაცვის მხარე მიუთითებდა, არ წარმოადგენდა მერიის საკუთრებას.
იმ ერთი პირის საქმის განხილვა, რომელიც აცხადებს, რომ არის ერთ-ერთი აქტივისტის ოჯახის წევრი და არ მონაწილეობდა სტენსილების დახატვასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, გადაიდო, რადგან მოსამართლემ დამატებითი მტკიცებულება მოითხოვა.
დღეს მოწმედ მიწვეულმა ყველა პოლიციელმა აღნიშნა, რომ ეს პირი მონაწილეობდა სტენსილების დახატვაში, მას ხელში ეჭირა ტრაფარეტი, რომლის მიხედვითაც საპატრიარქოს კედლეზე ცისარტყელას ფერებში დაწერეს FUCK HOMOPHOBIA.
აღნიშნული პირი აცხადებს, რომ არ იმყოფებოდა აქტივისტებთან ერთად, არამედ ერეკლე მეორის მოედნის მიმდებარედ გაჩერებულ მანაქანაში ელოდებოდა მათ, რა დროსაც დააკავეს.
აღნიშნული პირის განცხადებით, როდესაც მანქანიდან დაინახა შავტანსაცმლიანი ადამიანები, თავისი ოჯახის წევრს მოკლე ტექსტური შეტყობინება მისწერა, რომ მათ უცნობი პირები უახლოვდებოდნენ. მოსამართლე ნინო ჭალიძემ სწორედ ამ მიმოწერის შესახებ მოითხოვა ინფორმაცია, რომელიც მობილურმა ოპერატორმა განცხადების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში უნდა წარადგინოს.
რაც შეეხება პოლიციელებს, 12 პოლიციელი იყო მიწვეული ჩვენების მისაცემად. ყველა პოლიციელი აცხადებდა, რომ 17 მაისს ფორმები ეცვათ და ეს ადვილად აღსაქმელი იყო აქტივისტებისთვის. ასევე აცხადებდნენ, რომ აქტივისტებს საკუთარი ვინაობა წარუდგინეს.
თუმცა ზოგი პოლიციელი ამბობდა, რომ გამოელაპარაკნენ აქტივისტებს, რომელთა ნაწილი უსმენდა და პასუხობდა კიდეც, პოლიციელების უმეტესობის თქმით კი, აქტივისტები მათი დანახვისთანავე გაიქცნენ და იძულებული გახდნენ, გაკიდებოდნენ. პოლიციელების ჩვენების გარდა, შსს-ს სხვა მტკიცებულება ვერ წარადგინა.
აქტივისტები კი აცხადებენ, რომ არ იცოდნენ, რომ პოლიციელები მოსდევდნენ და არც არავის უთქვამს. პოლიციელებს ასევე მოუწიათ, თავისივე კოლეგა ამოეცნოთ ფოტოზე, რომელიც მარიამ კურტანიძემ მაშინ გადაიღო, როდესაც, მისი თქმით, უფორმო პოლიციელები მისდევდნენ.
პოლიციელებმა ასევე აღნიშნეს, რომ შემოვლას აწარმოებდნენ ისე, როგორც ამას მოითხოვს მათი ყოველდღიური საქმიანობა და სწორედ ამ დროს დაინახეს აქტივისტების ჯგუფი. მათი თქმით, არავის დაუვალებია, რომ იმ ადგილას მისულიყვნენ.
თუმცა ორმა პოლიციელმა განაცხადა, რომ საქართველოში საპატრიარქოს კედელზე FUCK HOMOPHOBIA-ს დაწერა არ არის ნებადართული.
