ახალი ამბები

ალასანია: “სააკაშვილს, მერაბიშვილსა და ადეიშვილს მოუწევთ მართლმსაჯულების წინაშე პასუხისგება”

14 იანვარი, 2012 • 1139
ალასანია: “სააკაშვილს, მერაბიშვილსა და ადეიშვილს მოუწევთ მართლმსაჯულების წინაშე პასუხისგება”

“თავისუფალი დემოკრატების” ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ელგუჯა ჩხაიძეს, რომელიც სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს, სავარაუდოდ, 2000 –ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. ინფორმაცია ამის თაობაზე “ნეტგაზეთს” მისმა ადვოკატმა, ლადო გვარჯილაძემ მიაწოდა.

სასამართლო პროცესი ოზურგეთის სასამართლოში, რომელზეც ჩხაიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი უნდა გადაწყდეს, რამდენიმე წუთში დაიწყება.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული არ დაკითხულა. მას ბრალი წაეყენა იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვისთვის (სსკ 236–ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე ვადით, ან ორ თვემდე ვადით ტუსაღობით, ანდა თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით.

“თავისუფალი დემოკრატების” გურიის რეგიონული კოორდინატორის თემურ სალუქვაძის თქმით, ელგუჯა ჩხაიძის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ქათმის ბუდეში აღმოჩენილი იქნა ავტომატის მჭიდი, ხოლო მისი სახლიდან 3 კილომეტრის მოშორებით, ე.წ. ფერმერულ მეურნეობაში, ავტომატი.

შემთხვევის ადგილზე გუშინვე ჩავიდა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელმაც დღეს ლნჩხუთში ბრიფინგი გამართა. ალასანიას თქმით, ასეთი ფაქტები ქართულ საზოგადოებას არ შეაშინებს:

“არ შეაშინებს არც ერთ ჩვენს მხარდამჭერს იმიტომ, რომ ცვლილება, რომელიც განხორციელდება წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებით, შეცვლის იმ ხელისუფლებას, რომელიც სწორედ განსხვავებული აზრის გამო დევნის საკუთარ მოქალაქეებს”.

ალასანიამ მიმართა პოლიციას და უთხრა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ისინი აღარასოდეს მიიღებენ პრეზიდენტისგან “ასეთ დავალებას”.

“მე მინდა დავპირდე სააკაშვილს, მერაბიშვილს და ადეიშვილს, რომ მათ იცოდნენ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ არიან დაპატიმრებული, გამოვლენ ციხეებიდან, მაგრამ მათ მოუწევთ ქართული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე პასუხისგება იმ დანაშაულებებზე, რომელსაც ახლა ჩადიან”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი