ახალი ამბები

კაცხის სვეტის გამო მეკლდეურებსა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება

9 ივნისი, 2016 • 3531
კაცხის სვეტის გამო მეკლდეურებსა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება

მთამსვლელი თორნიკე ბერიშვილი ღია წერილით მიმართავს საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის პატრიარქს, რათა მან, როგორც უმაღლესმა იერარქმა, მოაგვაროს კაცხის სვეტთან დაკავშირებით მეკლდეურებსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის წარმოშობილი დაპირისპირება.

“თქვენ უმაღლესი იერარქი ხართ! მაპატიეთ თავხედობა და გთხოვთ, კაცხის მონასტრის საქმე როგორმე მოაგვარეთ. თქვენ გაქვთ ამის ძალაც და ძალაუფლებაც. მეკლდეურების, ამ ხალისიანი, სამართლიანი, მხიარული ახალგაზრდების ყოფნა იქ მხოლოდ სიკეთის და კარგის მომტანია. არ ვიცი, რას გიყვებიან ან როგორ მოდის ამბავი თქვენამდე, მაგრამ მერწმუნეთ, სწორი და სამართლიანი რეაქცია ამ და ბევრ სხვა ფაქტზე ბევრ ჩარხს დაატრიალებს წაღმა!” – წერს ბერიშვილი ღია წერილში.

იგი იხსენებს კაცხის სვეტთან დაკავშირებულ პრეისტორიულ მოვლენებს და წერს:

“რამდენიმე საუკუნის მანძილზე კაცხის სვეტის თავზე ადამიანს ფეხი არ ჰქონდა დადგმული, მხოლოდ 1944 წელს ალპინისტი ალექსანდრე ჯაფარიძე და მწერალი ლევან გოთუა გამოკვლევებისთვის სვეტის თავზე ავიდნენ. ბერი მაქსიმე 20 წელი ალპინისტების დახმარებით ადიოდა სვეტზე. ასასვლელად მაქსიმე კიბეს იყენებდა, მოსახლეობამ მას “კიბე ზეცაში” შეარქვა, იგი 2007 წელს იქნა დაყენებული, მანამდე კი განდეგილი ბერი თოკებით, ალპინისტების დახმარებით ადიოდა. როგორც ვიცი, მეკლდეურებს მიდამოს დასუფთავებაში და სარესტავრაციო სამუშაოებში სერიოზული მონაწილეობა აქვთ მიღებული.

კაცხის სვეტის მიმდებარე კლდეებზე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშავდებოდა მეკლდეურთა სავარჯიშო ტრასა. ამას დიდი შრომა, მატერიალური სახსრები და დრო სჭირდება. ვიცი, რომ, როგორც იქნა, დაედგა თავი და ამ ადგილას, მეკლდეურთა ვარჯიშის გარდა, ტურნირებიც იმართებოდა, მათ შორის საერთაშორისო, ასევე ემზადებოდა ქართული ჯარის შესაბამისი დანაყოფები. მოკლედ, კარგი საქმე გაკეთდა.

შემდეგ მონასტერმა გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი ხელს უშლის, ტერიტორია შემოღობა და მეკლდეურებს აუკრძალა იქ ვარჯიში”.

მეკლდეურებმა კაცხის სვეტის მიმდებარე ტერიტორიიდან საცოცი პარკისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა უკვე დაშალეს, რადგან ტერიტორია კაცხის მონასტრის სასულიერო პირებმა შემოღობეს და მათ შიგნით შესვლის უფლებას აღარ რთავენ.

საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის კლდეზე ცოცვის გამყოლის, ანა დულარიძის თქმით, საცოცი გზების მშენებლობა ჭიათურაში 2005 წლიდან გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით დაიწყეს. შემდეგ კი ბილიკების გაყვანა დამოუკიდებლად, საკუთარი ხარჯებით გააგრძელეს.

2012-2013 წლებში, კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის დაწყების შემდეგ, მღვდლებმა დაიწყეს ტერიტორიის გაკონტროლება და შემდეგ ტერიტორია შემოსაზღვრეს კიდეც.

ანა ამბობს, რომ კლდე, რომელზეც ისინი ვარჯიშობდნენ, კაცხის სვეტისგან მოშორებითაა. დულარიძის თქმით, ამ ადგილას ასევე ვარჯიშობენ საჩხერის სამთო მომზადების სკოლის წევრები და მათაც აღარ უშვებენ.

“მთავარი ჩვენი კითხვა არის, თუ რატომ გვიწესებენ შეზღუდვებს თვითნებურად და ეს ტერიტორია რატომ არის მათი და არა ყველასი, როდესაც ის, როგორც ვიცით, არის სახელმწიფოს საკუთრება. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნებოდა ჩვენ წინააღმდეგ, უბრალოდ მოხდა ისე, რომ ეს ეკლესიაა, მთავარია ის, რომ გვზღუდავენ”, – ამბობს ანა დულარიძე.

მეკლდეურების ასოციაცია, სამთო გამყოლთა ასოციაცია გეგმავენ თემასთან დაკავშირებით მიმართონ შესაბამის სტრუქტურებს, მათ შორის საქართველოს საპატრიარქოს.

“ნეტგაზეთი” ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, ზედამხედველობის, არქიტექტურისა და მშენებელიბის სამსახურის უფროსს, დავით მაჭავარიანს დაუკავშირდა.

მაჭავარიანი ამბობს, რომ  არავის აქვს უფლება, ტერიტორია შემოსაზღვროს, თუმცა, მისი თქმით, სამონასტრო კომპლექსი ეკლესიის საკუთრებაში არის და შემოღობილი ტერიტორიაც მისი იქნება.

დავით მაჭავარიანი საუბრობს იმის შესახებ, რომ სვეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 12 ჰექტარი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია, საპატრიარქოს უნდა გადასცენ.

მაჭავარიანის თქმით, საუბარი შეეხება მიწის ნაკვეთს, რომელიც მოიცავს საჩხერე-თერჯოლა-ჭიათურის ცენტრალური მაგისტრალიდან კაცხის სვეტამდე მისასვლელ გზას.

მაჭავარიანის თქმით, მიწის გადაცემაზე მუშაობა ერთი წელია რაც დაიწყეს, ხოლო საპატრიარქოს უკვე მომზადებული აქვს აზომვითი ნახაზი.

დავით მაჭავარიანი ამბობს, რომ მე-18 საუკუნეში ეს მიწები ეკლესიას ეკუთვნოდა, შემდეგ ეს მიწები, როგორც კაცხში, ასევე მთელ საქართველოში ეკლესიას ჩამოერთვა, დღეს კი საუბარი განახლდა მის გადაცემაზე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ციცქიშვილმა  განაცხადა, რომ ეპისკოპოსისგან იცის, რომ დაახლოებით ერთი წელია, რაც მეკლდეურებთან საუბარი დაწიყო იმის შესახებ, რომ ისინი სხვა ადგილას უნდა გადასულიყვნენ.

“იმდენად ახლოს არის, იქ ვარჯიში აღარ შეიძლება, ჭიათურა მდიდარია კლდეებით და შეიძლება ნებისმიერ ადგილას გადავიდეს. როგორც ვიცი, მოლაპარაკება იყო. მათ შესთავაზეს, თუ არ ვცდები, წელიწადზე მეტი ჰქონდათ დრო, მოეძებნათ მეკლდეურებს სავარჯიშოდ”, – განაცხადა ციცქიშვილმა.

ციცქიშვილი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილება სამართლიანია, რადგან მონასტრის არსებობის გამო იქ ხმაური არ არის მიზანშეწონილი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, კაცხის სვეტი და იქ მდებარე მონასტერიც საპატრიარქოს საკუთრებაა და მას ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. 

“ნეტგაზეთმა” საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მდივანთან, მიქაელ ბოტკოველთან დაკავშირება სცადა, თუმცა ვერ შეძლო.

კაცხის სვეტი. ავტორი: ლევან ნიორაძე. წყარო: https://www.flickr.com/photos/leonio/7544243774/

კაცხის სვეტი. ავტორი: ლევან ნიორაძე. წყარო: flikr.com

მასალების გადაბეჭდვის წესი