ახალი ამბები

ირანის პრეზიდენტი: ” ირანი ატომურ იარაღს არ ქმნის”

13 იანვარი, 2012 • • 1040
ირანის პრეზიდენტი: ” ირანი ატომურ იარაღს არ ქმნის”

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა განაცხადა, რომ ირანი კვლავ გააგრძელებს დასავლური სახელმწიფოების ზეწოლაზე წინააღმდეგობის გაწევას. აღნიშნული განცხადება მან დასავლელი დიპლომატების საპასუხოდ გააკეთა, რომლებმაც ირანი უკანასკნელ ხანებში საიდუმლო ბირთვული იარაღის შექმნისთვის მუშაობის განახლებაში დაადანაშაულეს.

სააგენტო ”ფრანს პრესის” ინფორმაციით, აღნიშნულ ბრალდებებს ირანის პრეზიდენტმა ეკვადორში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა. აჰმადინეჯადი ამჟამად ლათინურ ამერიკაში ტურნეს მართავს.

ირანის პრეზიდნეტის თქმით, ყველამ იცის, რომ ირანი ატომურ ბომბს არ ქმნის და ეს არის მხოლოდ საბაბი.

”ისინი შეურაცხყოფენ ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს მოქალაქეებს. შესაბამისად, ჩვენ  უნდა გავუძლოთ მათ ზეწოლას.  ბირთვული ბომბი მხოლოდ საბაბია დ აყველამ იცის, რომ ირანი ამ იარაღს არ ქმნის. ირანის ბირთვული პროგრამა არ არის პრობლემა. პრობლემა ჩვენი პროგრესი და დამოუკიდებლობაა,” – განაცხადა აჰმადინეჯადმა.

რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ირანის ბირთვული პროგრამა სამხედრო ხასიათს ატარებს.

აშშ-მ და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა აღნიშნული ინფორმნაციის გამო ირანზე ზეწოლის გაძლიერება გადაწყვიტეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი