ახალი ამბები

საქართველო ისრაელის კერძო კომპანიას 35$ მილიონს გადაუხდის

12 იანვარი, 2012 • • 1125
საქართველო ისრაელის კერძო კომპანიას 35$ მილიონს გადაუხდის

სასამართლო დავა საქართველოსა და ისრაელის სამხედრო ტექნიკის მწარმოებელ კომპანია ”Elbit Systems”-ს შორის, რომელიც ლონდონის უმაღლეს საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობდა,  შეთანხმებით დასრულდა. შედეგად, საქართველომ კერძო კომპანიას 35 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს.

გარდა ფულის გადახდისა, საქართველომ ”Elbit Systems”-ს უნდა დაუბრუნოს იმ ტექნიკისა და სისტემების გარკვეული ნაწილი, რომელიც კომპანიამ ქვეყანას დავის წარმოშობამდე მიაწოდა.

”Elbit Systems” საქართველოს 100 მილიონ აშშ დოლარს ედავებოდა. ისრაელის მედიის ცნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპანია “ელბიტ სისთემთან” იარაღის მიწოდებაზე ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება. კონკრეტულად, 2007 წელს  საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ”Elbit Systems”-ს შორის კონტრაქტი გაფორმდა უპილოტო თვითმფრინავების მიწოდების თაობაზე. იმ წელს საქართველოს ოთხმილიარდიანი ბიუჯეტიდან თავდაცვის სამინისტროს თითქმის მილიარდ–ნახევარი ლარი ერგო. დაახლოებით იგივე პარამეტრები იყო დაცული 2008 წელსაც. აგვისტოს ომის შემდეგ თავდაცვის ბიუჯეტი განახევრდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ საკითხზე კომენტარს არასდროს არ აკეთებდა. გასული წლის მანძილზე ”ნეტგაზეთმა” უწყების პრესსამსახურის მეშვეობით არაერთხელ სცადა ინფორმაციის მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ითხოვდა ”Elbit Systems” 100 მილიონს. 2011 წლის ზაფხულში უპასუხოდ დარჩა თავდაცვის სამინისტროში ”ნეტგაზეთის” მიერ შეტანილი განცხადება ამ საკითხზე საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე.

როგორც ირკვევა, ”Elbit Systems”-სა  და საქართველოს შორის სასამართლო დავა 2011 წლის 29 დეკემებრს დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაცია სამხედრო ტექნიკის მწარმოებელი კომპანის ვებგვერდზეა განთავსებული.

დღეს, 12 იანვარს, ”ლეიბორისტულმა პარტიამ” ბრიფინგი გამართა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.

”მინისტრობის პერიოდში კეზერაშვილი იარაღის მწარმოებელი ებრაული კომპანიისგან, ”Elbit Systems”-გან  კანონდარღვევით აწარმოებდა იარაღის შეძენას და შემდეგ მის კონტრაბანდას ეწეოდა,” – განაცხადა ლეიბორისტმა გიორგი გუგავამ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავარი პროკურატურა ვალდებულია, კეზერაშვილის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და მისი კრიმინალური საქმიანობა გამოიძიოს. ამასთან, გიორგი გუგავამ დღეს პარტიის სახელით ისრაელის ხელისუფლებას მიმართა და მოუწოდა, დავით კეზერაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვას, რომელსაც ის, ლეიბორისტების აზრით,  ხშირად ”დანაშაულზე პასუხისგებისგან თავის არიდების იარაღად და ერთგვარ იმუნიტეტად იყენებს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი