ახალი ამბები

პრემიერი: იმედს ვიტოვებთ, საპარლამენტო არჩევნებამდე ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი დასრულდება

9 ივნისი, 2016 • 1233
პრემიერი: იმედს ვიტოვებთ, საპარლამენტო არჩევნებამდე ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი დასრულდება

საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC), კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში „ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმი 2016: ენერგოუსაფრთხოება – ძველი და ახალი გეოპოლიტიკური პარადიგმა“ მიიღო მონაწილეობა. კვირიკაშვილმა საქართველოს ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის საკითხზეც ისაუბრა ვრცლად:

“საქართველომ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა საჭირო ტექნიკური მხარე შეასრულა. ჩვენ ყველა მოთხოვნა, რომელიც ევროკომისიას ჰქონდა, დავაკმაყოფილეთ და მივიღეთ პოზიტიური დასკვნა დეკემბერში. ახლა ჩვენ ვიმყოფებით წევრი ქვეყნების მხარდაჭერის კონსოლიდაციის პროცეში. ჩვენ გვჭირდება ევროკომისიის კონსენსუსი და შემდეგ უკვე ევროპულმა პარლამენტმა უნდა დაგვიჭიროს მხარი. ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ. ახლა ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა ჩვენ კარგად გვესმის ის გამოწვევები, რომელსაც ის ახლა აწყდება: მიგრანტთა კრიზისი, რეფერენდუმები ნიდერლანდებსა და ბრიტანეთში. ეს არის ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ გვესმის, რომ არის ევროპული ოჯახის ნაწილი.

ისტორიულად ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის ნაწილი და, რა თქმა უნდა, ის არის ჩვენი საბოლოო გაჩერებაც. ჩვენ ვიცით, რომ უნდა მოვითმინოთ. თუმცა ყველანაირი გამოწვევის მიუხედავად ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული. პრობლემების სენსიტიურობის მიხედავად, ჩვენ გვჯერა, რომ ამ წლის ბოლომდე, იმედს ვიტოვებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე, პროცესები დასრულდება. მაგრამ ახლა ყველაფერი წევრ ქვეყნებზეა დამოკიდებული. საქართველომ თავისი წილი შეასრულა, ახლა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ეს ადვილი არ არის და ჩვენ ეს გვესმის,” – განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა კონფლიქტურ ზონებში არსებულ ვითარებაზე და განაცხადა, რომ საოკუპაციო ძალების ქმედებები ვერ შეცვლის საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკური სივრცისაკენ. დღეს საქართველოში, მისი თქმით, სტაბილური, დემოკრატიული გარემოა.

“მე ვერ ვხედავ ვერანაირ საფრთხეს, რაც საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციას ხელს შეუშლის. ვერაფერს შეგვაცვლევინებს ჩვენს სტრატეგიულ გეგმებს,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი