ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძე: ”კუდ-ი ხელისუფლების საამაყო რეფორმის დისკრედიტაციას ახდენს”

12 იანვარი, 2012 • • 1260
ზურაბ აბაშიძე: ”კუდ-ი ხელისუფლების საამაყო რეფორმის დისკრედიტაციას ახდენს”

 

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ დღეს, 12 იანვარს, თბილისში, ე.წ. მოდულის შენობასთან, ჟურნალისტებს პარტიასთან დაკავშირებული პირების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფატქები გააცნო და ხელისუფლებას ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

 

ზურაბ აბაშიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად ჩართულ ოპოზიციონერ ადამიანებს სხვადასხვა მეთოდით ებრძვის. პოლიტიკოსის თქმით, ხშირად იგეგემება ყალბი სისხლის სამართლის საქმეები, ასეევ, ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით ხშირად ათავისუფლებენ სამსახურიდან.

”დღევანდელი ჩემი აქ მოსვლის მიზანი არის ის, რომ დავადასტუროთ ის ფაქტები, რომელიც ბოლო პერიოდში ხდება საქართველოში. კახეთში მომხდარი ზეწოლის ფატქების გარდა, შიდა ქართლში არიან ადამიანები, რომლებიც სამსახურებიდან მოხსნილები არიან ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებასთან ურთიერთობის გამო.  ჩვენს პარტიასთან კავშირის გამო გაათავისუფლეს გორის მეცხრე საჯარო სკოლის მასწავლებელი ია ბჟალავა, ასევე,  ზემო ნიქოზის სკოლის მასწავლებელი ციცინო ჯავახიშვილი, რომლის მეუღლეც პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს პარტიასთან,” – განუცხადა ნეტგაზეთს ზურაბ აბაშიძემ.

მისივე მტკიცებით, საჩხერეში სამსახურიდან გათავისუფლებული არიან ის ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს უჭერენ მხარს და მისთვის მოქლაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებდნენ. როგორც აბაშიძე ამბობს, ამის საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლეს საჩხერის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი გურამ შუკაკიძე, საჩხერის საცურაო კომპლექსის დირექტორი თემურ კვესაძე, ასევე,  საჩხერის გაზის დირექტორი ზაზა ზაბახიძე.

”მე მივმართავ დღეს ხელისუფლებას. როდესაც ამაყობს სააკაშვილი იმ პოლიციის რეფორმით, რომელიც განხორციელდა ამ ქვეყანაში და ბევრი მართლაც პატრიოტი და ერთგული ადამიანი მუშაობს ამ სამსახურში, არის ასეთი სამსახური, რომელსაც ჰქვია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომელიც პოლიტიკურ საქმიანობაში ატიურად ჩართულ ადამიანებზე პირდაპირ ტერორს ახორციელებს. სწორედ ეს სამსახური ახდენს იმ რეფორმის დისკრედიტაციას, რომლითაც ასე ამაყობს ეს ხელისუფლება,” – ამბობს ”თავისუფალი დმეორკატების” წევრი ზურაბ აბაშიძე.

მისივე თქმით, იმ ადამიანებს, რომლებზეც ზეწოლა განხორციელდა, ჯერჯერობით, განცხადებით არ მიუმართავთ სამართალდამცავი უწყებებისთვის.

”არ ვიცით, სამართლებრივი გზით ბრძოლას ამ ქვეყანაში რაიმე აზრი თუ აქვს, ეს იქნება მათი იდნივიდუალური გადაწყვეტიელბა. მთავარია, რომ ხელსიუფლება შეიცვალოს და ქვეყანაში მოხდეს სამართლიანი სასამართლოს შექმნა, რომ ამ ადამიანებს მსგავსი პრობლემები არ შეექმნათ,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” ზურაბ აბაშიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი