წყალტუბოს პოლიციის უფროსი რევაზ ქობულია ცეცლსასროლი იარაღით დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (118–ე მუხლი), ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა–შენახვა–ტარება (236–ე მუხლი) და  წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ (353–ე მუხლი).

შსს–ს ცნობით, პირი, ვინც პოლიციის უფროსი დაჭრა, არის 62 წლის თეიმურაზ გ. რომლიც დღეს, ამ შემთხვევამდე, საკუთარი ავტომანქანით გაჩერებულ ევაკუატორს შეეჯახა, რის შემდეგაც ევაკუატორის მძღოლთან, 37 წლის კონსტანტინე ს.-სთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა.

“თეიმურაზ გ.-მ კონსტანტინე ს. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო”, – აცხადებენ შსს–ში.

ამის შემდეგ, შსს–ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაჭრის ფაქტზე სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა და ადგილსამყოფელი დაადგინეს.

“დაკავების ოპერაციის დროს თეიმურაზ გ.-მ სამართალდამცველების მისამართით ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსი რევაზ ქობულია მსუბუქად დაიჭრა. საპასუხო სროლისას ასევე დაიჭრა თავად თავდამსხმელი”, – აცხადებენ შსს–ში.

შსს–ს ცნობით, სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღები – 2 პისტოლეტი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს, ასევე – თეიმურაზ გ-ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია სხვადასხვა ტიპის იარაღი და საბრძოლო მასალა, – იუწყება შსს.

დაჭრილები ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში არიან გადაყვანილი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *