ახალი ამბები

ეკატერინე ხვედელიძის პოლიტიკური გეგმები მიხეილ სააკაშვილზეა დამოკიდებული

11 იანვარი, 2012 • • 2616
ეკატერინე ხვედელიძის პოლიტიკური გეგმები მიხეილ სააკაშვილზეა დამოკიდებული

ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

ბიძინა ივანიშვილის ცოლი ეკატერინე ხვედელიძე პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას. ამის შესახებ ჟურნალისტებს ივანიშვილ-ხვედელიძის ადვოკატებმა დღეს, 11 იანვარს, ”თბილისი მერიოტში” გამართულ რესკონფერენციაზე განუცხადეს.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის შექმნა და არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია. 2011 წლის 27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია პრეზიდენტის 11 ოქტომბრის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა უნდა აღუდგეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრა. პრეზიდენტს გადაწყვეტილების გასაჩივრება სულ ორი ინსტანციაში შეუძლია, რაც დროში გაიწელება და ადვილი შესაძლებელია, ეკატერინე ხვედელიძემ 2012 წლის არჩევნებში ვერ მიიღოს მონაწილეობა.

თუ პრეზიდენტმა სააკაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრა, მაშინ, მოსამართლე შოთა გეწაძის გადაწყვეტილება ძალაში ავტომატურად შევა ორ კვირაში.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მანანა მანჯგალაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ის ამჟამად შვებულებაში იმყოფება და არ შეუძლია გაგვცეს პასუხი კითხვაზე, გეგმავს თუ არა მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

ნეტგაზეთმა ინფორმაციის მოპოვება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ სატელეფონო ნომერზე დარეკვით სცადა. ოპერატორმა გვიპასუხა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეუძლია და პასუხის მისაღებად, ადმინისტრაციას წერილობით უნდა მივმართოთ.

ეკატერინე ხვედელიძემ ადვოკატების საშუალებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძეს, სასამართლოს 27 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილი, რომელიც მას მიეცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაუყონებლივ აღსრულდეს.

ის ფაქტი, რომ სასამართლო გადაწყვეტილების ორ ინსტანციაში გასაჩივრებისა და განხილვის ვადა 1 წელს აჭარბებს, ხოლო არჩევნები 2012 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი, ეკატერინე ხვედელიძის ადვოკატებს მიაჩნიათ იმ განსაკუთრებულ გარემოებად, რომლის საფუძველზეც კანონი სასამართლო გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებას ითვალისწინებს.

ადვოკატ არჩილ კბილაშვილის თქმით, მოსამართლე შოთა გეწაძეს 2 კვირა აქვს იმის გადასაწყვეტად, თავისივე გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღასრულოს თუ მოპასუხეს – პრეზიდენტს მისცეს გასაჩივრების საშუალება.

ინტერნეტ გამოცემა media.ge-ს ინფორმაციით, ტელეკომპანია ”იგრიკა” 2011 წლის 13 დეკემბერს მართვის უფლებით 2013 წლის 31 დეკემბრამდე  შპს „აქცეპტს“ გადაეცა. შპს ”აქცეპტის” 80% წილის მფლბელი კი სოწრედ ეკატერინე ხვედელიძეა. ტელეკომპანია ”იგრიკას” დამფუძნებელი არის ”მაეტსროს” გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე. ტელეარხს აქვს როგორც საკაბელო, ისე სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია.

მასალების გადაბეჭდვის წესი