ახალი ამბები

„ქართუ“ ბანკის 66,7 მლნ ლარის ფინანსური დანაკარგი

11 იანვარი, 2012 • 907
„ქართუ“ ბანკის 66,7 მლნ ლარის ფინანსური დანაკარგი

„ქართუ“ ბანკის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას ბანკზე და მის კლიენტურაზე  უსამართლო ზეწოლის შეჩერებისაკენ მოუწოდებს. ადმინისტრაციის თქმით, საფრთხე ექმნება მთლიანად საქართველოს საფინანსო სისტემას,  ეკონომიკასა და სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯს.

„ქართუ ბანკის“ ადმინისტრაცია  კლიენტურის მიერ ბანკში გირაოდ ჩადებული და აღსრულების ეროვნული ბიუროს  დაყადაღებული უძრავ-მოძრავი ქონების საჯარო აუქციონზე ვაჭრობის იმიტაციის პროცესზე საუბრობს.

ბანკის ადმინისტრაციის ცნობით, 2012 წლის 4 იანვარს აუქციონებზე გატანილ იქნა დამატებით 6 ობიექტი, რომლის ღირებულებამაც ჯამში 12,3 მლნ ლარი შეადგინა.

„შედეგად, ბოლო ერთი თვის მანძილზე აღნიშნულ საჯარო აუქციონებზე გატანილია ჩვენს ბანკში გირაოდ ჩადებული 46 ობიექტი, ჯამში 127 მლნ ლარის ღირებულებით, რომლის საწყისი სააუქციონო ფასი ამ ღირებულების 50%-ს შეადგენდა“ –ნათქვამია ბანკის მერ გავრცელებულ განცხადებაში.
“ქართუ“ ბანკის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ საჯარო აუქციონებზე გატანილი არც ერთი ქონება პრაქტიკულად არ გაყიდულა, მათი უდიდესი ნაწილი ეკონომიკის სამინისტრომ დაისაკუთრა, მიმდინარეობს დანარჩენი ქონების ნატურით დასაკუთრების პროცესი, ასევე, ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ჩვენი ვარაუდით, ახლო მომავალში, გარკვეული სქემით, თავდაპირველი მფლობელებისთვის უკან დაბრუნების მიზნით;
“საჯარო აუქციონებზე გამოტანილი 2 ობიექტის შემთხვევაში ჩვენმა ბანკმა გამოხატა ქონების შეძენის სურვილი და მონაწილეობა მიიღო გამართულ ვაჭრობაში, თუმცა, უშედეგოდ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აუქციონებში გამარჯვებულმა პირმა (ჩვენი ვარაუდით, სახელმწიფოს წარმომადგენელმა) არ გადაიხადა ქონების გაცხადებული ღირებულება, განმეორებითი აუქციონის ჩატარება არ ჩაითვალა მიზანშეწონილად და ეს ობიექტებიც სახელმწიფომ დაისაკუთრა ნატურით, ასევე, ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე“– ნათქვამია განცხადებაში.
ზემოთ აღნიშნული ქმედებების შედეგად, ბანკმა დაკარგა 4 მსესხებელი ბიზნეს–ჯგუფის საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გირაოში ჩადებული უძრავ-მოძრავი ქონებები, რის შედეგადაც რეალურად მიიღო 66,7 მლნ ლარის ფინანსური დანაკარგი.

მოსალოდნელი ზარალის უარყოფითი შედეგების (საბანკო ნორმატივების შესაძლო დარღვევა) პრევენციის მიზნით, ბანკმა ადეკვატურად გაზარდა საზედამხედველო კაპიტალი.   “ბანკი ქართუ” კვლავაც რჩება ერთ–ერთ ყველაზე უფრო მაღალი ლიკვიდობის მქონე საფინანსო ინსტიტუტად საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი