ახალი ამბები

აშშ-ის რესპუბლიკელების პირველ პრაიმერში მიტ რომნი ლიდერობს

11 იანვარი, 2012 •
აშშ-ის რესპუბლიკელების პირველ პრაიმერში მიტ რომნი ლიდერობს

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ რესპუბლიკელების პირველ პრაიმერში, რომელიც შტატ ნიუ ჰემპშირში ჩატარდა, მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი, რესპუბლიკელი მიტ რომნი ლიდერობს.

ამერიკული გამოცემა “The New York Times”-ის ინფორმაციით, “რესპუბლიკელების” შიდა პარტიულ არჩევნებში, რომელიც შემდგომ პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს გამოავლენს, მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი 39,4 პროცენტით  ლიდერობს. მეორე ადგილზეა კონგრესმენი რონ პოლი 22,8 პროცენტით.

პრაიმერში გამარჯვებული 64 წლის მიტ რომნი გარდა იმისა, რომ მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორია, ასევე წარმატებული ბიზნესმენია. მან დააარსა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ფირმა „ბეინ კეპიტალი“. რომნი არჩევნებში უკვე მონაწილეობდა 2008 წელს, მაგრამ მაშინ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ჯონ მაკკეინი გახდა.

პირველ პრაიმერამდე, 3 იანვარს, შტატ აიოვაში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნებამდელი პირველი შიდაპარტიული შეკრება (ე.წ კოკუსი), რომელზეც მიტ რომნის რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლებმა უპირატესობა მიანიჭეს.

მიტ რომნი არაერთხელ გამოსულა კრიტიკულად პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. მის რიტორიკაში იგრძნობა ამერიკული კონსერვატიზმი.

“დღევანდელი მთავარი უბედურება არის უმუშევრობა, სახლების დაკარგვა და გაკოტრება. ეს არის ობამას უბედურების ინდექსი, რომელმაც უკვე რეკორდულ დონეს მიაღწია. ამერიკელებისთვის სამუშაოს დაბრუნება, ლაპარაკზე უფრო მეტად ქმედება და ახალი პრეზიდენტი სჭირდება,“ – განაცხადა რომნიმ ერთ–ერთ გამოსვლაში.

შუალედური არჩევნების შემდეგი რაუნდი 21 იანვარს სამხრეთ კაროლინაში, 31 იანვარს კი, ფლორიდაში გაიმართება.

შეგახსენებთ, აშშ–ში საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 6 ნოემბერს ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი